საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად, მზად ვარ, ნებისმიერ დროს მივიდე ჩემს კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს არის.
"დღეს ჩემს კაბინეტთან ერთად საქართველოს პარლამენტში ვგეგმავდი ჩვენი სამთავრობო პროგრამის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენას, სადაც საუბარი გვექნებოდა პროგრამაში გათვალისწინებულ ყველა საკითხზე, თუმცა ბოლო დღეებში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე დღეს საუბარი იმაზე, თუ როგორ ხორციელდება საქართველოში ინფრასტრუქტურული პროექტები, სხვადასხვა რეფორმები, ჯანდაცვის სექტორში, სოფლის მეურნეობაში და სხვა მიმართულებით, ეს არ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ ინტერესს, რაც დღეს არის. აქედან გამომდინარე, მივიღე გადაწყვეტილება ჩვენს კოლეგებთან ერთად და მზად ვარ, ნებისმიერ დროს საქართველოს პარლამენტთან კონსულტაციის შედეგად მივიდე ჩემს კაბინეტის წევრებთან ერთად და წარვადგინო ჩვენი წლიური ანგარიში ნებისმიერ დროს, მათ შორის, რიგგარეშე სესიაზე.
დღეს რაც აინტერესებს საზოგადოებას, ეს არის ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე მოვლენები, რომ მივაწოდოთ მათ დამატებითი ინფორმაცია, რათა თითოეულ საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს რეალური სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე",- განაცხადა ბახტაძემ.
პრემიერის თქმით, 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან საქართველოსთვის ახალი განვითარების პერიოდი.
"2012 წლის პირველი ოქტომბერი ეს იყო ისტორიული თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ახალი ფურცელი ჩვენს ისტორიაში, როდესაც ჩვენ მოძალადე პოლიტიკური ძალა არჩევნების შედეგად შევცვალეთ და დაიწყო ახალი განვითარების პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის. ამ დღიდან მოყოლებული ჩვენ ყოველ წელს გვესმის ერთი და იგივე – მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი და მისი აგრესიული ჯგუფის რიტორიკა არის ერთი და იგივე – აგრესია, ძალადობა და ყველაფერი რაც უკავშირდება მთავარ მიზანს, რომ როგორმე შემოიტანონ ქართულ საზოგადოებაში იმის განცდა, რომ იქნება არეულობა. მათი დღის წესრიგია არანაირი არჩევნები – ხელისუფლება უნდა დაემხოს.
განსაკუთრებით, 2016 წლის არჩევნების შემდეგ ჩვენ ვიხილეთ კიდევ უფრო მეტად გააქტიურებული აგრესიული რიტორიკა. იგივე მოხდა თვითმმართველობის არჩევნებზე და ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზეც.
ნებისმიერი არჩევნების წინა პერიოდში თუ შემდეგ ჩვენ ვისმენთ ერთსა და იმავეს – ეს არის აგრესია, შეტევა კონსტიტუციაზე და ყველანაირი მცდელობა, რომ მოხდეს ქართული საზოგადოების კიდევ უფრო მეტად პოლარიზაცია და ეს არის სრულიად მიუღებელი",- განაცხადა პრემიერმა.