20 ივნისის ჩემი კომენტარი ნათლად აჩვენებს რეალურ სიტუაციას და განწყობას, რომ აქციაზე არავინ გეგმავდა ძალის გამოყენებას, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კითხვას, თუ რას ნიშნავდა 20 ივნისის ღამეს მისი გაკეთებული განცხადება, რომ რეზინის ტყვიების გამოყენება არ იყო დღევანდელი ხელისუფლების ხელწერა, თუმცა რამდენიმე წუთში მოხდა აქციის დაშლა.
ბახტაძე განმარტავს, რომ მოვლენები 20 ივნისის ღამეს სწრაფად იცვლებოდა და პოლიცია იძულებული იყო ძალა გამოეყენებინა.
"ჩემი კომენტარი იმ მომენტში ნათლად აჩვენებს რეალურ სიტუაციას და განწყობას, რომ არავინ გეგმავდა ძალის გამოყენებას. მაგრამ მოვლენები იცვლებოდა ელვის სისწრაფით, რამდენიმე იერიში და შეტევა იქნა მიტანილი პოლიციაზე. იმ მომენტში, როცა დადგა ეს კრიტიკული მომენტი, პოლიცია იყო იძულებული გამოეყენებინა ლეგიტიმური ძალა. ეს ვიდეოკადრებზე ჩანს",- განაცხადა ბახტაძემ.