ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ კონკრეტულ გადადგმულ ნაბიჯებს,- ასე პასუხობს "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კითხვას, განიხილავს თუ არა მმართველი გუნდი 2020 წლისთვის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას, რომელიც ასევე, აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნაა.
"მიუხედავად იმისა, რომ პროტესტის საფუძველი აბსოლუტურად სამართლიანად იყო სხვა, ამას მოარგეს თავისი პოლიტიკური მოთხოვნები, მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობის" თუ სხვა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა, ამის მიუხედავად, ჩვენ ვფიქრობთ ყველაფერზე ყოველთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ კონკრეტულ გადადმულ ნაბიჯებს",- განაცხადა მდინარაძემ.
ამასთან, დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდი თითოეული საკუთარი მოქალაქის აზრს უსმენს.
"აქ არ არის დათმობებზე საუბარი, აქ არის საუბარი იმაზე, რომ იქ დგანან და იდგნენ 90%-ზე მეტი გულწრფელი ადამიანების, რომლებიც იმ სურათს აპროტესტებდნენ, რომელიც ჩვენვე გავაპროტესტეთ. პირველი ჩვენ ვიყავით, რომლებიც აღგვაშფოთა იმ ფაქტმა, რომელიც პარლამენტში ვიხილეთ. ამაზე რეაგირებაც მოვაყოლეთ. მეორე მხარე - პოლიტიკური მოთხოვნები და ის, რომ ამ გულწრფელი პროტესტის გამოყენებას რომ ცდილობენ უპასუხისმგებლო დექსტრუქციული ძალები და სათავისო პოლიტიკური ინტერესები გატარებას, ეს არის რეალობა. ამ რეალობიდან გამომდინარე, ჩვენი ხელისუფლება უსმენდა და მოუსმენს საქართველოს თოთოეულ მოქალაქეს, რომელიც გულწრფელად გამოხატავს კონკრეტულ პროტესტს კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარე",- განაცხადა მდინარაძემ.