ვაშლიჯვრის ესტაკადის მშენებლობის სამუშაოები დაახლოებით ერთ კვირაში დასრულდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი განმარტებით, ორი დღის წინ დასრულდა მოაჯირების მონტაჟი.
"რადგანაც ესტაკადის დასრულების შემდეგ, მაღალი ინტენსივობით მოძრაობა იქნება, მივიღეთ გადაწყვეტილება, იგივე ტიპის ასფალტი გამოვიყენოთ, რაც ბარათაშვილის აღმართზე. ეს სამუშაოები დაახლოებით, ერთ კვირაში დასრულდება და შემდეგ, მოსახლეობა შეძლებს, აღნიშნული ესტაკადით ისარგებლოს", — განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სამუშაოების დასრულებას ბევრი ადამიანი ელოდება, რადგან საცობის გამო, გამზირზე ჩამოსვლა სერიოზული პრობლემაა.
"ამ პროექტის განხორციელება მოსახლეობისთვის ძალიან დიდი შვება იქნება", — აღნიშნა კახა კალაძემ.