სამწუხაროდ, გაახალგაზრდავდა გულსისხლძარღვთა და ფილტვის დაავადებები, ონკოლოგიური დაავადებები, დიაბეტი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დალი ტრაპაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, არაგადამდები დაავადებები ძირითად წილს იკავებს ქვეყნის როგორც ავადობის, ასევე სიკვდილობის სტრუქტურაში.
ამასთან, დალი ტრაპაიძის ინფორმაციით, მსოფლიოში არაგადამდები დაავადებები საფუძველია დაახლოებით 70%-მდე ზოგადი სიკვდილობის შემთხვევებისა. ასევე ე.წ. შრომის უუნარო სტატუსი 78-80%-ს მინიჭებული აქვს არაგადამდებ დაავადებათა მიზეზით. დალი ტრაპაიძის განმარტებითვე, სიტუაცია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის ქვეყნებში უფრო მძიმეა. მისი თქმით, სიკვდილობის სტრუქტურაში არაგადამდები დაავადებები დაახლოებით 90%-მდეა, ხოლო შრომის უუნარობის სტატუსი აღნიშნული მიზეზით დაახლოებით 85%-ს აქვს მინიჭებული.
"ქართულ პოპულაციაში, ზოგადი სიკვდილობის სტრუქტურაში, დაახლოებით 95%-მდე არაგადამდები დაავადებების მიზეზით გამოწვეული სიკვდილობაა. არაგადამდები დაავადებები - ეს არის ჯგუფი დაავადებებისა, სადაც კონსოლიდირებულია გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადებები, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, კიბო და შაქრიანი დიაბეტი. ამ დაავადებათა ყველა ჯგუფს, ფაქტობრივად, აქვს ერთი ტიპის რისკის ფაქტორები", - განაცხადა დალი ტრაპაიძემ.
მისივე თქმით, ქცევითი ხასიათის რისკ ფაქტორებს მიეკუთვნება თამბაქოსა და ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება, ასევე სუფრის მარილის მიმართ დამოკიდებულება, დაბალი ფიზიკური აქტივობა და სხვა.
"რისკ ფაქტორების კორექცია, სწორი მართვა არის ზუსტად საფუძველი და გარანტია იმისა, რომ ესა თუ ის დაავადება არ განვითარდეს. არსებობს არაკორეგირებადი რისკ ფაქტორები, რომელთა შეცვლა არ შეგვიძლია. ეს არის ასაკი, სქესი და მემკვიდრული დატვირთვა, რომელიც ქრონიკული დაავადებების მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ განსაკუთრებით იმ ადამიანებს, ვისაც აქვთ ეს შეუცვლელი, არაკორეგირებადი რისკ ფაქტორები განსაკუთრებულად უნდა მივუდგეთ, რომ ქცევითი რისკ ფაქტორები გავაკონტროლოთ. ეს არის ჯანსაღი კვება, მავნე ჩვევებზე, მათ შორის თამბაქოზე უარის თქმა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარების საწინააღმდეგო ღონისძიებები და განათლება. ასევე ამ ბოლო წლებში ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია ფსიქოსოციალური სტრესები, ამ სტრესის მენეჯმენტი მნიშვნელოვანია." - აღნიშნა დალი ტრაპაიძემ.