საზღვარგარეთ მდებარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბინებისა და საცხოვრებელი აპარტამენტების შესახებ საგამოძიებო სიუჟეტი "იმედის კვირამ" მოამზადა. სიუჟეტის თანახმად, მიხეილ სააკაშვილს ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილი მაიამის სამხრეთ სანაპიროზე, ქალაქის ყველაზე ძვირადღირებულ და პრესტიჟულ ნაწილში აქვს. ქალაქის ამ მხარეს აპარტამენტის შესაძენად სულ მცირე ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო, ამას ემატება ყოველთვიური სოლიდური გადასახადი.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, თემურ და ქეთევან ალასანიები საუბრობენ აპარტამენტზე, რომელიც მაიამიში მდებარეობს. "იმედის" ჟურნალისტმა საცხოვრებლის შიდა ინტერიერის გადაღებაც შეძლო.
საცხოვრებლის დაცვის თანამშრომელმა "იმედის კვირას" დაუდასტურა, რომ ამ მისამართზე, ნამდვილად ცხოვრობენ ქეთევან და თემურ ალასანიები. დოკუმენტებში, რომელიც "იმედის კვირამ" მოიძია, ჩანს რომ მფლობელებს შორის კიდევ ერთი ადამიანია, თუმცა მისი სახელი გასაიდუმლოებულია. სავარაუდოდ ის სწორედ მიხეილ სააკაშვილია.
გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, თემურ ალასანია მიხეილ სააკაშვილს აპარტამენტის შერჩევაში ეხმარებოდა. ფლორიდაში მდებარე ბინას სხვა საუბრებშიც ახსენებენ. ქეთევან ალასანიასთან საუბრით ზუსტდება ბინის ნომერი, გიული ალასანიასთან კი ძმა უფრო ოჯახურ თემებს განიხილავს. სააკაშვილის ბიძა უკმაყოფილოა იმით, რომ მაიამის ბინის გასაღებს სანდრა რულოვსი ითხოვს.
"იმედის კვირამ" ასევე მოიპოვა დოკუმენტები, რომლითაც ირკვევა, რომ 2012 წლის 6 ნოემბერს, ანუ 1 თვის შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილმა არჩევნებში წააგო, ამერიკაში გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც თემურ და ქეთევან ალასანიები ამ დოკუმენტებში დაფარული ადამიანის მინდობილი პირები გახდნენ, ამიტომ ამ თარიღიდან ამ გასაიდუმლოებული მყიდველის ნაცვლად ნებისმიერ შენაძენზე დოკუმენტებში არა მისი, არამედ ალასანიების გვარი ფიგურირებს. სწორედ ასე აიხსნება ის ფაქტი, რომ მაიამიში ძვირადღირებული სახლის მფლობელად 3 ადამიანია დაფიქსირებული, თუმცა დოკუმენტებში მხოლოდ ალასანიების გვარი ჩანს.
მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებლებს ამერიკის შეერთებულ შტატებში სტუდია "მონიტორი" 2018 წელს იკვლევდა. საგამოძიებო ჯგუფმა გამოაქვეყნა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც თემურ ალასანიამ 2010 და 2012 წლებში, ანუ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში, ნიუ-იორკის ისტორიულ უბანში ორი აპარტამენტი შეიძინა. ჯამში მათზე 3 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი დაიხარჯა. ერთ-ერთ მათგანში კი პერიოდულად მიხეილ სააკაშვილი ცხოვრობს. მაშინვე დაითვალეს, რომ თემურ ალასანიას გაეროში, მისი სამსახურიდან მიღებული ხელფასი ამ შენაძენს ვერ უზრუნველყოფდა, ამიტომ გაჩნდა ეჭვი რომ ალასანიას სახელზე გაფორმებული ქონება სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნოდა ან სულ ცოტა სააკაშვილის ფინანსური ხელშეწყობით მოახერხა მისმა ბიძამ მილიონებად შეფასებული აპარტამენტების შეძენა.
კიდევ ერთი სახლი, რომლის შესახებაც სააკაშვილს თავის მართლება მოუხდა, კიევშია, რომელზეც ჯერ კიდევ 2018 წელს თქვა, რომ მას დედა, გიული ალასანია უშენებს. ეს სახლი რამდენიმე დღის წინ, სააკაშვილმა უკრაინაში დაბრუნების შემდეგაც ახსენა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ის დედამისის ფულით არის აშენებული.