აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხალაფ ხალაფოვი დავით გარეჯის ტერიტორიაზე შექმნილ სიტუაციას გამოეხმაუირა.
ხალაფოვის თქმით, ქეშიქჩიდაღის (დავით გარეჯი) ნაწილში საზღვარს აზერბაიჯანის და საქართველოს სასაზღვრო სამსახურები იცავენ, ხალაფოვის განცხადებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აზერბაიჯანის და საქართველოს რესპუბლიკები ავტომატურად გახდნენ მათ შორის არსებული ადმინისტრაციული საზღვრის სამართალმემკვიდრეები. შემდგომში ეს ადმინისტრაციული საზღვარი სახელმწიფო საზღვარი გახდა და ორი ქვეყნის სასაზღვრო სამსახურების კონტროლს დაექვემდებარა.
"ფაქტია, რომ საზღვარი ყოველთვის იყო "ქეშიქჩიდაღის" ტერიტორიაზე და მას იცავდნენ და იცავენ ჩვენი და საქართველოს სასაზღვრო სამსახურები. ქართველი მომლოცველების მიერ "ქეშიქჩიდაღის" ნაკრძალ ტერიტორიაზე გამოქვაბულებთან გადასვლა, ქართული მხარის თხოვნისა და ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ხორციელდებოდა აზერბაიჯანელი მესაზღვრეების კონტროლის ქვეშ და ეს დღესაც ასეა. რაც შეეხება საკუთარ ტერიტორიაზე სამეურნეო ან რაიმე სხვა სახის სამუშაოების განხორციელებას, ეს თითოეული მხარის სუვერენული უფლებაა."- განაცხადა ხალაფოვმა.