საქართველოს თავდაცვის მინისტრის,ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალებს ნატო-სა და ევროკავშირის გზაზე მოწინავე როლი ეკისრებათ და საქართველო თავის ამოცანას ამ მიმართულებით წარმატებით შეასრულებს. აღნიშნული განცხადება ლევან იზორიამ თბილისში, თავისუფლების მოედანზე ჟურნალისტებთან გააკეთა, სადაც დღეს, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიების ნაწილი გაიმართება.
"საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მინდა მივულოცო თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც ჩვენი იდენტობის საფუძველს, საქართველოს დამოუკიდებლობას და თავისუფლებას იცავენ, ამით თითოეულის ღირსებას და თავისუფლებას იცავენ. სწორედ ცალკეული მოქალაქეების დაცულობას და მათი ღირსების დაცვას ემსახურება ჩვენი მისწრაფება, გავხდეთ ნატო-ს და ევროკავშირის ქვეყანა. საქართველოს თავდაცვის ძალებს ამ გზაზე ერთ-ერთი მოწინავე როლი აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ჩვენი ამბიციური რეფორმებით, ამ ამოცანებს წარმატებით შევასრულებთ", - განაცხადა იზორიამ.