28 – 30 აპრილს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ლილიან მორი პასკიე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.
29 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ირაკლი კობახიძე და ლილიან მორი პასკიე პრესისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი წეროვანში, იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებას ეწვევა. ლილიან მორი პასკიე, ასევე, ოძისში გაემგზავრება, სადაც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებს დაათვალიერებს.
30 აპრილს, ლილიან მორი პასკიე საქართველოს პრემიერ-მინისტრს და პრეზიდენტს შეხვდება.
30 აპრილს, საქართველოს პარლამენტში, ევროპის საბჭოში საქართველოს გაწევრიანების 20 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საზეიმო სესია გაიხსნება, რომელსაც სიტყვით პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ლილიან მორი პასკიე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მიმართავენ.