ცინიკური და შემაშფოთებელია ცივილიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე მორალის კითხვა და მუქარა "ქართული ოცნების" წევრების მხრიდან, მაშინ როცა მთელი პასუხისმგებლობა არსებულ ვითარებაზე ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ეკისრება,
- ასე გამოეხმაურა პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი გიგა ბოკერია მმართველი პარტიის წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებას ტელევიზიებით გაჟღერებულ სიძულვილის ენასთან დაკავშირებით.
"დღეს "ქართული ოცნების" წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ტელევიზიებით სიძულვილის ენისა და ბილწისტყვაობის გავრცელების შესახებ ისაუბრა და დაიმუქრა კიდეც - სადმე სახიფათოდ არ გაწყდესო.
ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია უცენზურო და აგრესიული ლექსიკა პოლიტიკურ დისკუსიაში, მათ შორის ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან. ამას გარდა, ასეთი მეთოდებით ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლა პრაგმატულადაც წამგებიანად მიმაჩნია.
თუმცა, დღეს პოლიტიკურ დისკუსიაში არსებული სიძულვილის კლიმატი, სწორედ ბიძინა ივანიშვილის შემოქმედებაა და წლებია "ქართული ოცნების" გუნდის მთავარ ინსტრუმენტს წარმოადგენს ყველას წინააღმდეგ, ვინც მათ არ დაეთანხმებათ. სიძულვილისა და აგრესიის გავრცელება ხდება ყველგან, სადაც ხელისუფლებას ხელი მიუწვდება, იქნება ეს მათი მხარდამჭერი ტელევიზიები, პროპაგანდისტული გვერდები სოციალურ მედიაში თუ "ქართული ოცნების" პოლიტიკური სპიკერები თავად ივანიშვილის ჩათვლით.
რაც მთავარია, სიძულვილის და ძალადობის პროპაგანდასთან ერთად, ივანიშვილის პოლიტიკის საკვანძო და ყველაზე ბინძური ნაწილი ოპონენტების წინააღმდეგ დაუსჯელი ფიზიკური ძალადობა და პირადი ცხოვრების ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟია.
ამიტომაა განსაკუთრებით ცინიკური და შემაშფოთებელია დღეს დიმიტრი ხუნდაძის მხრიდან ცივილიზებულ პოლიტიკურ დისკუსიაზე მორალის კითხვა და თან მუქარა, როდესაც მთელი პასუხისმგებლობა არსებულ გარემოზე სწორედ ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს ეკისრება." - განაცხადა გიგა ბოკერიამ.