სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას, - ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) ფილარმონიაში მოძრაობა "დაიცავი საქართველოს" შეკრების დაწყებამდე განაცხადა.
გაჩეჩილაძის თქმით, გარკვეულ შემთხვევაში მას ბიძინა ივანიშვილმა იმედები გაუცრუა.
"მეგონა, რომ ეს ადამიანი რასაც იტყოდა, თავის სიტყვებს არ გადავიდოდა. წავიდოდა სააკაშვილი ხელისუფლებიდან და ის გადავიდოდა ოპოზიციაში და მისი ოპოზიციაში ყოფნა იქნებოდა იდეალური მისთვისაც და ქვეყნისთვისაც. ეს მან არ გააკეთა. მე ივანიშვილი 20 წელია თვალით არ მინახავს. როცა თვალს ვადევნებ განვითარებულ მოვლენებს, ის არ მომწონს და მინდა უკეთესი იყოს ხვალ", - განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, მისაღები არაა ის განცხადებები ლევან მურუსიძესთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილმა გააკეთა. "აბსოლუტურად სხვა რამაა სამართლიანობის განცდა და სხვა რამაა ფურცელზე დაბეჭდილი შედეგები. სანდრო გირგვლიანი, მკვდარი კაცი ამ ქვეყანაში დაამყარებს სამართლიანობას, იმიტომ არის სანდრო გირგვლიანი გმირი. წინა ხელისუფლების პერიოდშიც ის იყო და დღესაც ის არის", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.