თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო კომპანიას ახალი ქალი მძღოლები შეემატა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დამატებით 6 ქალი მძღოლი იმუშავებს.
"ეს გადამზადების საინტერესო პროგრამაა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ერთად ვახორციელებთ. მათი დაფინანსებით 21-მა ქალმა უკვე გაიარა გადამზადება, D კატეგორიის მართვის მოწმობაც მიიღო და ახალი ავტობუსებით, რომლებიც შემოვა თბილისში, გვექნება შესაძლებლობა, რომ ქალბატონები მოემსახურონ ჩვენი ქალაქის მოსახლეობას, რაც ძალიან საინტერესო და კარგია", - განაცხადა კახა კალაძემ.
გასული წლის შემოდგომას ცნობილი გახდა, რომ ქალ მძღოლებს მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ. კერძოდ, ქალი მძღოლები, რომლებსაც 10 წლამდე ასაკის შვილები ეყოლებათ, შეღავათიანი სამუშაო გრაფიკით ისარგებლებენ. ექნებათ გარკვეული დანამატები და ასევე, შვილის შეძენის შემთხვევაშიც ფულად დახმარებას მიიღებენ.
ავტობუსის მძღოლების მოსამზადებელ კურსზე ქალების რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერიამ გასული წლის 12 სექტემბერს გაავრცელა.