თეგეტა აკადემია აცხადებს მიღებას ელექტრო და ელექტრონული სისტემების შეკეთების(დუალური) პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, კურსი მოიცავს 81 კრედიტს, სწავლის ხანგრძლივობა შეადგენს წელიწადსა და რვა თვეს.
აქედან თეორიული სწავლებისთვის განკუთვნილია 8 თვე, ხოლო პრაქტიკული ნაწილი მოიცავს საწარმოში მუშაობას ერთი წლის განმავლობაში შესაბამისი ანაზღაურებით.
მსურველები გადიან შერჩევის სამ ეტაპს - რეგისტრაცია, ტესტირება და გასაუბრება. დაინტერესებულ პირებს შეგიძლიათ, რეგისტრაცია გაიაროთ ელექტრონული წესით მოცემულ ლინკზე - https://bit.ly/2I6OP7g. პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია წარმოებს 13 აპრილამდე.
პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მიიღებენ საბაზო პროფესიულ კვალიფიკაციას მსუბუქი ავტომობილის შეკეთებაში. საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია, დასაქმდეს ელექტრიკოსისა და დიაგნოსტიკის სპეციალისტად კომპანია თეგეტა მოტორსსა და მის შვილობილ კომპანიებში.
თეგეტა აკადემიამ ავტორიზაციის სტანდარტების დაკმაყოფილებით, მოიპოვა საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების უფლება და გახდა საქართველოში პირველი კერძო კოლეჯი, რომელიც განახორციელებს საავტომობილო ტრანსპორტის შეკეთების მიმართულებით პროგრამას სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების მიდგომით. სამუშაოზე დაფუძნებული პროფესიული განათლების კონცეფცია საქართველოში სიახლეა, ამ მოდელში სამუშაო და სასწავლო გარემო მჭიდროდაა დაკავშირებული და სტუდენტები სწავლობენ ზუსტად იმას, რასაც მოგვიანებით პრაქტიკულ საქმიანობაში გამოიყენებენ.
თეგეტა აკადემია დაარსდა 2013 წელს, სასწავლო ცენტრი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით, კომპიუტერული ლაბორატორიით, ბიბლიოთეკით და საკონფერენციო დარბაზით. ის წარმოადგენს უნიკალურ სასწავლო პლატფორმას ავტოინდუსტრიის მიმართულებით. სასწავლო ცენტრის მიზანია ქვეყანაში პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება და მათი შემდგომი დასაქმება. აკადემიაში ყოველწლიურად 1350-მდე პირი გადის სწავლებას, მათგან საუკეთესო სტუდენტების დასაქმებას უზრუნველყოფს თეგეტა მოტორსი. მხოლოდ გასულ წელს თეგეტა მოტორსმა 500-მდე ახალი კადრი დაასაქმა.
„თეგეტა აკადემიის“ ტრენინგ კურსებს უძღვებიან როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტრენერები მსოფლიოს წამყვანი ავტოინდუსტრიის სფეროდან, როგორებიც გახლავთ: ბოში, მოტული, პორშე, შელი, მიშელინი, ტოიოტა და სხვ.