დეპუტატები ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე სტრასბურგში აპრილში დანიშნულ საპარლამენტო სესიას ვერ დაესწრებიან. როგორც ეკა ბესელიამ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, სესიაზე სტრასბურგში დეპუტატები საკუთარი ხარჯებით უნდა წასულიყვნენ, რისი საშუალებაც მათ არ აქვთ. მისივე განმარტებით, აღნიშნული განპირობებულია პარლამენტის თავმჯდომარის უკანონო გადაწყვეტილებით, რომელიც დელეგაციის ხელმძღვანელმა აღასრულა და დეპუტატები დელეგატთა სიიდან ამოიღო. ეკა ბესელიას შეფასებით, აღნიშნული პოლიტიკური შურისძიებაა, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყანას არასახარბიელო მდგომარეობაში აგდებს.
"კობახიძის გადაწყვეტილება აღასრულა და ეს გზა სამწუხაროდ გააგრძელა დელეგაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩუგოშვილმა. მან მეც და ზვიად კვაჭანტირაძეც ამოგვიღო დელეგაციიდან და ახლა იმის თქმა, რომ საკუთარი ხარჯებით ვიაროთ, როგორც პარლამენტის წარმომადგენლებმა, ეს უპრეცედენტო შემთხვევაა, რომელზეც ასამბლეის ხელმძღვანელები იმსჯელებენ. ვფიქრობ, ეს იქნება ერთ-ერთი უხერხული მომენტი საპარლამენტო ასამბლეისთვის და უპრეცედენტოც. ამ კვირის საპარლამენტო სესიას, სტრასბურგში გამოვტოვებთ. პარლამენტმა უარი თქვა ჩვენს გაგზავნაზე და ეს გაკეთდა თამარ ჩუგოშვილის წერილით. ამით სამწუხაროდ გაგრძელდა პოლიტიკური შურისძიების აქტი ყოფილი თანაგუნდელების მიმართ. ინფორმაცია რატომ მოხდა ამ უსამართლო გადაწყვეტილების მიღება ორი დეპუტატის მიმართ, ეცნობება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, გენერალურ მდივანს, პოლიტიკური ჯგუფის პრეზიდენტს", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
აღსანიშნავია, რომ სტრასბურგში მიმდინარე კვირას საქართველოს პრემიერ-მინისტი, მამუკა ბახტაძის ვიზიტია დაგეგმილი.