ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე ბათუმში აღმოჩენილ სამარხზე განცხადებას ავრცელებს.
ის აცხადებს, რომ რეპრესირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი და აქედან გამომდინარე დაუშვებელია მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენება.
"ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებით ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული ნეშტები შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. დაგეგმილია ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მათი პატივით დაკრძალვა. აქვე წარმოდგენილია სია, რომლიდანაც ირკვევა, რომ რეპრესირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი. აღნიშნულიდან გამომდინარე დაუშვებელია მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენება. ამიტომ შესაბამის უწყებებს მოუწოდებ მათ გადასვენებაში ჩართული იქნან მუსლიმი სასულიერო პირები. კატოგორიულად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით საპატრიარქოზე გადაცემულ ტერიტორიაზე მათ გადასვენებას", - აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.
ბათუმში ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მდებარე საბანაკო შეკრების ბაზაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ინფორმაცია ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის Fაცებოოკ-ის გვერდზე გავრცელდა. რეპრესირებულთა ოჯახის წევრები ამბობენ, რომ დეენემის ანალიზის ჩატარებაა საჭირო, რადგან დადგინდეს, რამდენად რეალურია გავრცელებული ინფორმაცია.