აშშ-ში, კენტუკის შტატში, 1 წლის გოგონამ მე-4 სტადიის სიმსივნე დაამარცხა. ადგილობრივი მედიის ცნობით, 21 თვის მოლი ჰიუსს რთული ფორმის ნეირობლასტომა დაუდგინეს.
როგორც ბავშვის დედა ჰყვება, გოგონას 4 თვის ასაკში ტომოგრაფიის გაკეთებისას ჩოგბურთის ბურთის ზომის სიმსივნე აღმოუჩინეს. მცირეწლოვანს 5-ჯერ გაუკეთეს ქიმიოთერაპია და ოპერაცია, 2-ჯერ ღეროვანი უჯრედის ტრანსპლანტაცია, ასევე ჩაუტარდა 12-დღიანი რადიოთერაპია და 6 იმუნოთერაპია.
"ეს იყო ჩვენი ცხოვრების ყველაზე ცუდი წელიწად-ნახევარი",- აცხადებს ბავშვის დედა. მკურნალობის შემდეგ კი გოგონა საბოლოოდ განიკურნა ონკოლოგიური დაავადებისგან.
ნეირობლასტომა სიმსივნის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც განუვითარებელ ნერვულ უჯრედებში ყალიბდება. ნეირობლასტომა ნებისმიერ ასაკში შეიძლება გამოვლინდეს, თუმცა ის ძირითადად 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ფიქსირდება.