პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია ვინმესკენ თითის გაშვერა, როცა ისეთ უმძიმეს შემთხვევაზეა ლაპარაკი, როგორიც იყო გირგვლიანის საქმე,
- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. ამით ბოკერია გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ ვანო მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა.
ბოკერიას განცხადებით, მსგავს მძიმე შემთხვევებზე პოლიტიკური ხელმძღვანელობა პასუხს აგებენ იმ პროპორციით, ვისაც რამდენი ძალაუფლება ჰქონდა.
"მე პრინციპულად მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი დონის ლიდერისგან ვინმესკენ თითის გაშვერა, როცა ისეთი ტიპის უმძიმეს შემთხვევაზეა ლაპარაკი, როგორიც იყო გირგვლიანის საქმე. ყველა, ვინც შეეცდება, რომ ვინმესკენ გაიშვიროს ხელი, იქცევა პრინციპულად არასწორად და ცუდად. ვინმეზე კი არ ვლაპარაკობ, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვსაუბრობ. ყველა ამ ტიპის მძიმე ამბავზე, სადაც ადგილი ჰქონდა მძიმე დანაშაულს და რომელიც სისტემამ ვერ უზრუნველყო, რომ არ მომხდარიყო, ან მერე ვერ უზრუნველყო, რომ დამნაშავეები სრულფასოვნად დასჯილიყვნენ, ამაზე ყველა, ვინც პოლიტიკურ ხელმძღვანელობაშია, ერთიანად აგებს პოლიტიკურ პასუხს, იმ პროპორციით, ვისაც რამდენი ძალაუფლება ჰქონდა. არცერთი კონკრეტული პირისკენ ხელის გაშვერა არის არც სამართლიანი, არც სწორი", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ ვანო მერაბიშვილის არგადაყენება შეცდომა იყო. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
"ვანო მერაბიშვილის არგადაყენება იყო შეცდომა, მაშინ ვაპირებდი ვანოს გადაყენებას, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი მოვიდა და თქვა, რომ ახლა, ასეთ სიტუაციაში ეს არ შეიძლება. გირგვლიანის შემთხვევაში გაუფრთხილებლობით მკვლელობა იყო და ყველა ვინც ამაში მონაწილეობდა, დაიჭირეს და ციხეში აღმოჩნდნენ. სატელეფონო ანძების მეშვეობით იპოვეს ყველა, ვინც მონაწილეობდა. იქ ამას ვერ გააყალბებდი," - განაცხადა სააკაშვილმა.