მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე რეკომენდაციებს ვენეციის კომისია აპრილის მეორე ნახევარში წარმოადგენს. ამის შესახებ ტელეკომპანია "იმედს" ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ განუცხადა.
მისი თქმით, მომხსენებლები, რომლებიც საქართველოში აპრილის პირველ რიცხვებში ჩამოვლენ, ადგილზე გამართავენ შეხვედრებს და გაეცნობიან ვითარებას.
შეხვედრები დაგეგმილია უმრავლესობასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო სექტორთან. აუცილებელია, რომ მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმები იყოს მკაფიო და გართულებები - თავიდან აცილებული. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესი უნდა იყოს დაბალანსებული და პოლიტიკური აღქმისგან სრულად თავისუფალი. ჩვენ კარგად ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან და ეს წლებია გრძელდება. მოხარულები, ვართ წვლილი შევიტანოთ საქართველოს დემოკრატიული განვითარების პროცესში. მე დიდი სურვილი მაქვს, შევხვდე საქართველოს ახალ პრეზიდენტსაც და ამას აუცილებლად გავაკეთებ საქართველოში ვიზიტის დროს", - განაცხადა ბუკიკიომ.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოსთვის, ისევე როგორც ყველა ქვეყნისთვის ევროპაში და მის მიღმა აუცილებელია თავისუფალი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა.
"ახალი დემოკრატიების ქვეყნებში ბოლომდე ჯერჯერობით არ არის უზრუნველყოფილი თავისუფალი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების სისტემა. ეს ხანდახან არ არის კანონმდებლობის ბრალი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ზოგჯერ ეს არის მენტალიტეტის ბრალი. ამას დრო სჭირდება. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჩამოვიდა სტრასბურგში და მთხოვა რეკომენდაციების მომზადება მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებზე. ჩვენ მივიღეთ ეს თხოვნა და მზად ვართ, ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ. უკვე რამდენიმე დღეა, მივიღეთ შესაბამისი დოკუმენტაციაც. გეგმა ასეთი გვაქვს. მომავალ სხდომამდე, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, სწრაფ რეჟიმში მოვამზადებთ რეკომენდაციებს", - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.
მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებისა და ამ მიმართულებით მიმდინარე პროცესების გამო "ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატმა დატოვა, რის შედეგადაც პარტიამ პარლამენტში კონსტიტუციური უმრავლესობა დაკარგა. ეს პროცესი მმართველი ძალის ირგვლივ ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო, როცა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების 10-კაციანი სია საჯარო გახდა.
21 იანვარს უზენაესის მოსამართლეობის სადავო კანდიდატებმა მოსამართლეებად არჩევაზე უარი თქვეს. მოგვიანებით, მოსამართლეებმა კანდიდატურები მოხსნეს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმების დასადგენად.