ეკა ბესელია, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა, აქამდეც იცოდა, რა ხდებოდა სისტემაში, მაგრამ აქამდე ხმას არ იღებდა, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა.
"მე და ანა დოლიძემ იანვარში წარვადგინეთ წინადადება საქართველოს პარლამენტში იმისათვის, რომ შემუშავებულიყო უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შერჩევის პროცედურა. პირველმა წარმოვადგინეთ ეს წინადადებები და დანარჩენი პროექტები შემდგომ მომზადდა. ბოლო ეტაპზე ვნახეთ, რომ სხვადასხვა ვერსიები დაიდო. ჩვენი წინადადებები ითვალისწინებს რამდენიმე ძირითად პრინციპს, აქედან უმნიშვნელოვანესია საბაზისო საკითხები: კონკურსის გამოცხადება, ინტერესთა კონფლიქტის პროცედურები, ასევე გვაქვს წინადადებაში, რომ უნდა შემუშავდეს ისეთი პრინციპები, სადაც მოსამართლეთა კონკურსები გამოცხადდება სპეციალიზაციების მიხედვით და არ შევარჩევთ ისე უბრალოდ რომ არც კი ვიცით გავუშვათ სისხლის სამართლის მიმართულებით თუ სამოქლაქო. ასევე ჩვენ შევთავაზეთ, რომ საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნას, რათა საზოგადოების ჩართულობა მაქსიმალურად მაღალი იყოს. საერთო ჯამში, სულისკვეთება ჩვენი წინადადების ის არის, რომ არ მოხდეს სისტემაში მიხეილ ჩინჩალაძის "კლანის" აქტიური წარმომადგენლები და მხარდამჭერები, რადგან თუ ამ პრინციპს არ დავიცავთ, შეუძლებელია ჩვენ მივიღოთ კარგი პროცედურები. რაც მთავარია, სისტემაში უნდა მოხდეს ღირსეული და კვალიფიციური ადამიანები - აი ამ ორ საკითხს, ძირითად დებულებას ეფუძნება ჩვენი წინადადებები და იმედი გვაქვს, რომ გაიზიარებენ დეპუტატები", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მისივე თქმით, ზოგიერთმა ადამიანმა დეკემბრის თვეში გაიგო, რომ სასამართლო სისტემაში არის ჩინჩალაძის "კლანი".
"მე ეს დეკემბერში არ გამიგია. დაახლოებით ერთი წლის წინ წარმოვუდგინე ჩემი რეკომენდაციები საქართველოს პარლამენტს სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ხოლო იანვარში უკვე წარვადგინე საპროექტო წინადადების სახით", - განაცხადა ჯანეზაშვილმა.
მან ასევე კომენტარი გააკეთა იმ კანონპროექტების შესახებ, რომელიც მოსამართლეთა არჩევას შეეხება და პარლამენტშია შესული.
"რაც შეეხება სხვების კანონპროექტებს, კონკრეტულად ვერ ვიტყვი რომელი კანონპროექტია გასაზიარებელია და რომელი - არა, მაგრამ მთავარია ჩემთვის, რომ შემუშავდეს ისეთი კანონპროექტი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ჩინჩალაძის "კლანი" არ მოხვდება სისტემაში. ამ მთავარ საკითხს რომელი დეპუტატის მიერ მომზადებული კანონპროექტი გაიზიარებს, ამას ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მათ შორის ეკა ბესელია, რომელიც ბოლო დროს გააქტიურდა, აქამდეც იცოდა რა ხდებოდა სისტემაში, მაგრამ აქამდე ხმას არ იღებდა, ამიტომ მნიშვნელოვანია ვიყოთ თანმიმდევრულები. თანმიმდევრულობაში ვგულისხმობ იმას, რომ მხოლოდ დეკემბერში კი არ გავიგოთ რომ სასამართლოში არის ჩინჩალაძის "კლანი", როცა იქამდეც გვქონოდა ამის შესახებ ინფორმაცია, არამედ არ მიგვეღო ისეთი კანონები, რომელიც ჩინჩალაძეს უწყობდა ხელს", - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.