საპატრიარქოს არასოდეს ჩაუტარებია დნმ-ს ანალიზი და ეს საკითხი არ არის საპატრიაქოს მიმართულება", – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს პროტოპრესსპიკერმა გიორგი ზვიადაძემ "კვირას" განუცხადა.
ამასთან, მამა გიორგი ზვიადაძემ კატეგორიულად უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ბუგზარ ბაგრატიონს საპატრიარქოს მოთხოვნით დნმ-ს ანალიზი ჩაუტარდა.
"საპატრიარქოს არასოდეს ჩაუტარებია ბაგრატიონის მიმართ დნმ-ს ანალიზი. ჩვენ ამ კუთხით არასოდეს შეხება არ გვქონია არავისთან. ეს არ არის საპატრიარქოს მიმართულება. მსგავსი მოთხოვნა ჩვენგან არასოდეს ყოფილა და არასდროს ჩატარებულა ანალიზი. არც არასოდეს ყოფილა დღის წესრიგში ეს საკითხი", – განაცხადა საპატრიარქოს პროტოპრესსპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში ბაგრატიონ-გრუზინსკების სამეფო ოჯახის დავის განხილვა სამეფო სახლის სახელით უნებართვოდ სარგებლობის აღკვეთაზე მიმდინარეობს. დავით ბაგრატიონ-მუხრანელის ადვოკატმა ლევან ჩხეიძემ განაცხადა, რომ საპატრიარქოს ინიციატივით ჩატარებული დნმ-კვლევის თანახმად, ნუგზარ ბაგრატიონი სიხარულიძეა.
"სანდო წყაროთი ვიცი,რომ საპატრიარქომ დნმ-კვლევა ჩაატარა და ნუგზარ ბაგრატიონი არ არის ბაგრატიონი, ის არის სიხარულიძე და იბრალებს გვარს. ეს შედეგები არ არის საჯარო და ახლა წავიდნენ და მიჩივლონ, თუ არ არის სიხარულიძე მომიტანოს დნმ-ის ანალიზის დასკვნა. თვითონ დაადასტუროს, რომ ბაგრატიონია", – აღნიშნა ლევან ჩხეიძემ. დღეს მოსარჩელე მხარეს სასამართლოში ანა ბაგრატიონ-გრუზინსკი წარმოადგენდა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, მთავარი მოთხოვნაა, დავით ბაგრატიონ-მუხრანელს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა აეკრძალოს. "მთავარი მოთხოვნა არის ის, რომ დავით ბაგრატიონ-მუხრანელს აეკრძალოს საქართველოს სამეფო სახლის სახელით სარგებლობა", – განაცხადა ადვოკატმა ლევან გორელაშვილმა.