"სიკეთით ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ" - ადამიანები, რომლებსაც არ სურთ, მათი გამომუშავებული ფული ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს გადაურიცხონ ამ ლოზუნგით სპეციალურ ფონდს ქმნიან. მათთვის მიუღებელია ექსპრეზიდენტის განცხადებები, რომელსაც ის მთელი ემიგრაციის სახელით ავრცელებს და ამბობენ, რომ სააკაშვილი ემიგრანტების დაპირისპირებას და ორად გაყოფას ცდილობს. ფონდში შესული თანხა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს მოხმარდება.
საკუთარი სახლიდან და ოჯახიდან შორს ყოველწლიურად საქართველოდან ათასობით მოქალაქე მიდის. ხშირად არც იციან ჩააღწევენ თუ არა ადგილამდე, ან რა და ვინ დახვდებათ უცხო გარემოში. სრულ გაურკვევლობაში მათთვის გარკვეული მხოლოდ ერთი რამეა - უნდა გადაირჩინონ თავი და დაეხმარონ საქართველოში დარჩენილ ოჯახებს.
მაშინ, როდესაც საქართველოდან წასულებს ქვეყნიდან გაქცეული პრეზიდენტის მომხრეების აგრესიის მოგერიება უხდებათ, ამ ემიგრანტებისთვის განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია მიხეილ სააკაშვილის განცხადებები, რომელსაც ის მთელი ემიგრაციის სახელით აკეთებს.
"23 სამი წლის ვიყავი ემიგრაციაში წამოვედი. რატომ 13 წლის განმავლობაში არ დაგვიძახა არასდროს, არ განუხორციელებია არცერთი რეფორმა, არცერთი პროექტი ემიგრანტების დასაბრუნებლად. ახლა როცა თვითონ გახდა ემიგრანტი, როგორც თვითონ ამბობს, ახლა გვიცხადებს სოლიდარობას?", - კითხვას სვამს ერთ-ერთი ემიგრანტი, თეონა ნაცვალაძე.
ამ საერთო პოზიციამ ემიგრანტები ერთმანეთს დააკავშირა და გაჩნდა იდეა, რომ ყოფილი პრეზიდენტის დაფინანსების ნაცვლად სიკეთე აკეთონ და შექმნან ემიგრანტი დედების ფონდი, რომელიც განსაკუთრებული საჭიროების ბავშვებს დააფინანსებს. ასე გაიცნო თეონა ნაცვალაძემ გერმანიაში მცხოვრები ხათო ბარათაშვილი.
სამშობლოდან შორს მყოფები, ისევ სამშობლოზე ზრუნავენ და ახლა ერთად ეძებენ გზებს ფონდის დასაფუძნებლად. ამბობენ, რომ დახმარება მხოლოდ ტექნიკურად სჭირდებათ, რათა ემიგრანტების გადმორიცხული თანხა ადრესატებამდე მივიდეს.
ემიგრანტები, რომლებიც საკუთარი ოჯახის გასაჭირის გამო წავიდნენ საქართველოდან, ახლა სხვის დახმარებას ცდილობენ. ოღონდ არა პოლიტიკური პარტიების და განსაკუთრებით არა - ყოფილი პრეზიდენტის, რომელმაც განსხვავებული აზრის მქონეებს 200 ევროდ მოსყიდულები უწოდა.