აუცილებლად გადავჯდები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, – ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ "ინტერპრესნიუსის" კითხვას, თუ როგორ აპირებს მერია გადატვირთული საზოგადოებრივი ტრანსპორტის პირობებში ზონალურ-საათობრივი პარკირების დაწესებას, როცა ამ სისტემის შემოღება მომხმარებელთა ნაკადის გაზრდას გამოიწვევს და აპირებს თუ არა თავად ვიცე-მერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, ზონალურ-საათობრივი პარკირების მიზანია ადგილობრივ მცხოვრებლებს პარკირებისას კომფორტი შეუქმნას და ქალაქი საცობებისგან განტვირთოს.
მისივე თქმით, ლესელიძესა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს ზონალურ-საათობრივი პარკირების საფასურის გადახდა არ მოუწევთ.
"ეს მთელ ქალაქში არ ხორციელდება, იწყება იქ, სადაც მოხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდების ზრდა, გაუმჯობესება და მოდერნიზება. თავდაპირველად იწყება ლესელიძესა და მიმდებარე ქუჩებზე, სადაც მუნიციპალიტეტი აპირებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაზრდას. ზონალურ-საათობრივი პარკირება მიზნად ისახავს კომფორტი შეუქმნას ადგილობრივ მცხოვრებელს მანქანის პარკირებაზე ანუ ადგილობრივ მცხოვრებლებს საცხოვრებელ სახლთან მანქანის პარკირებაზე საათობრივი საფასური არ დაუწესდება. რაც შეეხება სამსახურში და ოფისებში მიმავალ თანამშრომლებს, ისინი უფრო მეტად უნდა მოიხმარდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტს – ამ მიზანს ემსახურება. მუნიციპალური ტრანსპორტის მთლიანი ქსელის განახლება გააკეთა მერიამ, რომელიც მარტში დასრულდება და შემიძლია დადასტურებულად გითხრათ, რომ მუნიციპალურ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა საკმაოდ გაიზრდება. 1-ელ ივლისამდე ყველა მხრიდან მიმავალი ტრანსპორტი განახლდება, რომელიც ლესელიძემდე მიდის. ახალი ავტობუსების ნაწილი შემოსულია და მარტის ბოლომდე იგეგმება მიწოდება. პირველ რიგში, მოხდება ტრანსპორტის ჩანაცვლება ახლით და შემდეგ დაწესდება საფასური როგორც ლესელიძეზე ასევე სხვა უბნებში. 2019 წლის ბოლოდან დაიწყება მუშაობა შემდგომი არეალების დაფარვის მიზნით", – განაცხადა ხმალაძემ.
ხმალაძემ აღნიშნა, რომ ლესელიძის ქუჩაზე იგეგმება სპეციალური აღნიშვნებისა და გადახდის აპარატების დამონტაჟება. ასევე მსურველებს პარკირების საფასურის გადახდა სპეციალური აპლიკაციის საშუალებითაც შეეძლებათ.
ამასთან, ვიცე-მერის განცხადებით, ლესელიძის ქუჩაზე ავტობუსებთან ერთად სამარშრუტო ტაქსებიც ივლის. რაც შეეხება ავტობუსების რაოდენობას, ირაკლი ხმალაძე არ აკონკრეტებს, რამდენმა ავტობუსმა შეიძლება იმოძრაოს ლესელიძის ქუჩაზე. ვიცე მერი აღნიშნავს, რომ თავდაპირველად ლესელიძეზე 10-მეტრიანი ავტობუსები ივლის, თუმცა, მისივე თქმით, მერია 8-მეტრიანი ავტობუსების შემოყვანასაც გეგმავს.
კითხვაზე: აპირებს თუ არა თავად ვიცე-მერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობას, ხმალაძემ უპასუხა: "აუცილებლად გადავჯდები საზოგადოებრივ ტრანსპორტზე".
პარკირების საათობრივი საფასური, სავარაუდოდ, მინიმუმ 50 თეთრით განისაზღვრება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განუცხადა, თუმცა არ გამორიცხა, რომ აღნიშნული გადასახადი კიდევ უფრო გაიზარდოს.
მისივე განმარტებით, პარკირებაზე საათობრივი გადასახადის სისტემა 1-ელი ივლისიდან, ლესელიძის ქუჩით დაიწყება.
წყარო – ინტერპრესნიუსი