დემოკრატიებს თავს ესხმიან და არყევენ არადემოკრატიული და არალიბერალური ძალები, რომლებსაც არ არის აუცილებელი, სამხედრო ფორმა ეცვათ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ყოველწლიურ, რიგით მე-10 შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დემოკრატიების წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ორი რამ, რაც ამ პროცესის ნეგატიურ გავლენას შეამცირებს.
"ჩვენ სასტიკი რეალობის წინაშე ვდგავართ: მსოფლიო იცვლება, დემოკრატიებს თავს ესხმიან და არყევენ არადემოკრატიული და არალიბერალური ძალები, რომლებსაც არ არის აუცილებელი, სამხედრო ფორმა ეცვათ. ეს სიტუაცია იმდენად სერიოზულია, რომ ზოგიერთს უკვე ეჭვიც კი უჩნდება ლიბერალური დემოკრატიის მომავალში. არ არსებობს მზა ფორმულა, რომელიც გადაგვარჩენს ამ ტურბულენტური პერიოდისაგან. თუმცა, ჩვენ გვწამს, რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ორი რამ, რაც შეამცირებს ამ პროცესის ნეგატიურ გავლენას.
ადგილობრივ დონეზე, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა სახელმწიფო ინსტიტუტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე მოქალაქეებზე ორიენტირებული მმართველობის სისტემის ფუნქციონირების გაუმჯობესება. ამგვარი რეფორმები უზრუნველყოფს გრძელვადიან ლეგიტიმურობასა და გაზრდის საზოგადოების ნდობას საჯარო დაწესებულებების მიმართ. რაც შეეხება საერთაშორისო დონეზე გადასადგმელ ნაბიჯებს, ჩვენ ყველამ უნდა გავაერთიანოთ საკუთარი რესურსები იმ ძალების წინააღმდეგ, რომლებიც გამალებით ცდილობენ, საფუძველი შეურყიონ ჩვენი საზოგადოებების დემოკრატიულ წყობას და საფრთხის ქვეშ დააყენონ ჩვენი ქვეყნების მთლიანობა. უსაფრთხოება და სტაბილურობა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ დემოკრატიის მოწყვლადობა, რასაც მესამე ძალები ცდილობენ. ამბიციური შიდა რეფორმების დღის წესრიგის მხარდაჭერა ასევე კარგი საშუალებაა ჩვენი საზოგადოებების დემოკრატიული ორგანიზაციების გასამყარებლად. სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე გადის მათ გამჭვირვალობაზე და დემოკრატიული პრინციპების ერთგულებაზე, ასევე მტკიცე პოლიტიკურ განსჯადობაზე",- განაცხადა მან.
ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ "ნებისმიერი უპასუხისმგებლო ქმედება ან პოლიტიკური მიკერძოება მესამე სექტორის ნებისმიერი პირის მიერ, შეიძლება იყოს და აუცილებლად იქნება წარმატებით გამოყენებული ავის მსურველების მიერ ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურობისა და უფლებამოსილების წინააღმდეგ".
როგორც სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, ევროკავშირს შეუძლია და უნდა შეასრულოს გადამწყვეტი როლი დემოკრატიული ცვლილების პროცესში.
"ჩვენ მადლიერებას გამოვხატავთ ევროკავშირის მიმართ მისი მონაწილეობისათვის საქართველოსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებში. საქართველო ვერ გაივლიდა ამხელა გზას ამ მხარდაჭერის გარეშე. ვეთანხმები ასამბლეის მოწოდებას, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევები უფრო აქტიურ მიდგომებს მოითხოვს, მათ შორის ევროკავშირის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მეათე ყოველწლიური ასამბლეა მეტ ნათელს მოფენს ამ ამოცანას",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.