ძალიან მარტივად გამოგიჭირეთ ტყუილში, ბავშვივით მოტყუვდით, საყმაწვილო შამათი რასაც ჰქვია, ის მოგივიდათ ახლა თქვენ, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბიუროს სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობას და დაინტერესდა, არის თუ არა მოძრაობა "ძალა ერთობაშიას" დაპირება 400-ლარიან პენსიასთან დაკავშირებით სიცრუე.
კობახიძემ გოცირიძეს სთხოვა დაესახელებინა კონკრეტული თარიღი, თუ როდის მოხდება ეს, რაზეც დეპუტატმა უპასუხა, რომ დროთა განმავლობაში.
"აქ საუბარი იყო სოციალურ თემებზე, მათ შორის პენსიაზე, მე მინდა კოლეგებს ვკითხო, 400-ლარიან პენსიაზე საუბარი არის თუ არა ტყუილი? ბატონო რომან(გოცირიძე), ეს არის ტყუილი. ძალიან მარტივად გამოგიჭირეთ ტყუილში, ბავშვივით მოტყუვდით. საყმაწვილო შამათი რასაც ჰქვია, ის მოგივიდათ ახლა თქვენ. რაც შეეხება იმას, რომ ეტაპობრივად გახდება 400 ლარი, როდის მოხდება ეს, წელი მითხარით?" - მიმართა კობახიძემ ოპოზიციას, რაზეც რომან გოცირიძემ უპასუხა, რომ ეს მოხდება 2 წელიწადში.
"დიახ, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში, 400-ლარიანი პენსია აუცილებლად იქნება. ეს მოხდება მაშინ, როცა საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება და ხელისუფლებაში ჩვენ მოვალთ", - განაცხადა რომან გოცირიძემ, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა, რადგან მიიჩნია, რომ გოცირიძემ პენსიასთან დაკავშირებით გაჟღერებული სიცრუე აღიარა.
"ყველამ ვიცით, რომ 400 ლარიანი პენსია არის სიცრუე, ისევე, როგორც სხვა ბევრი რამ. უკვე ორი თვეა გვესმის თქვენი სიცრუეზე აგებული კამპანია. ფეიქნიუსებს ავრცელებთ. კანდიდატს დააბრალეთ, რომ თურმე თქვა, რომ მეგრელებს და კახელებს ვერ იტანს - ამაზეა აგებული თქვენი კამპანია. ამაზე შორს თქვენ ვერ წახვედით და ვერც წახვალთ. ტყუილის გარეშე თქვენ არსებობა არ შეგიძლიათ, ესეც არის ძალადობის გამოვლინება. ესეც არის ძალადობა ადამიანის აზროვნებაზე. ეს არის ადამიანის ძალადობრივი ბუნების გამოვლინება. ამით შორს ვერ წახვალთ და ამაში ვერც რუსი შკრიალოვი და ვერაფერი ვერ გიშველით", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.