პოლონეთის რესპუბლიკის სეიმისა და სენატის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის მარია კოცის რეკომენდაციით, კარგი იქნებოდა საარჩევნო კოდექსში ისეთი ცვლილებები შესულიყო, რომლებიც საარჩევნო უბნების მიმდებარედ აგიტაციას აკრძალავდა. ამის შესახებ მარია კოციმ საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციისას განაცხადა.
მისი თქმით, არასასიამოვნო სანახავი იყო, რომ ზოგიერთი უბნის მიმდებარედ იდგნენ პირები, რომელთაც ეჭირათ სიები, რაც მათ ამომრჩეველთა კონტროლისთვის სჭირდებოდათ. ამასთან, მარია კოცის თქმით, დამატებითი შენიშვნა აქვთ სპეციალურ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებით, რადგან სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები პენიტენციურ დაწესებულებებში არ შეუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულები.
"პენიტენციურ დაწესებულებებში სპეციალური საარჩევნო უბნები ძალიან სწრაფად დაიკეტა, რაც ერთი მხრივ სწორი იყო, მაგრამ დამკვირვებლებმა იქ შეღწევა ვერ შეძლეს. იქნებ კარგი იყოს, რომ საპატიმროში არსებული უბნების მოქმედების დრო გადაიხედოს",- აღნიშნა მან.
მარია კოცის შეფასებით, ინციდენტებმა, რომლებიც სადამკვირვებლო მისიამ საარჩევნო უბნების მიმდებარედ დააფიქსირა, გარკვეული ეჭვები გამოიწვია, რომლებიც მიუთითებს იმას, რომ აღნიშნულ ინციდენტებს არჩევნების შედეგებზე გარკვეული გავლენა შეიძლებოდა ჰქონოდა. "დემოკრატიულ და გამჭვირვალე არჩევნებზე მსგავსი ტიპის ეჭვები არ უნდა ჩნდებოდეს. ვფიქრობთ, რომ კარგი იქნებოდა, საარჩევნო კოდექსში ისეთი რეგულაციები შესულიყო, რომლებიც საარჩევნო უბნების უშუალო სიახლოვეს გარკვეული აგიტაციის ჩატარებას აკრძალავდა. ეს ბევრად უფრო გააუმჯობესებდა და გამჭვირვალეს გახდიდა საარჩევნო პროცესს. გარდა ამისა, ჩვენი ყურადღება მიიქცია დამკვირვებელთა ნაწილის განსაკუთრებულმა აქტიურობამ, განსაკუთრებით მათი, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ",- აღნიშნა მან. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლის თქმით, საქართველოში არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციის შედეგად გამოიკვეთა, რომ წინასაარჩევნო პროცესში სიძულვილის ენაც გამოიყენებოდა და სხვადასხვა კანდიდატზე ცრუ ინფორმაციაც ვრცელდებოდა. მათივე შეფასებით, აღნიშნული პროცესი არასამთავრობო სექტორზე თავდასხმითაც გამოირჩეოდა.
საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის სადამკვირვებლო პროცესში პოლონეთიდან 16-მა პარლამენტარმა მიიღო მონაწილეობა. მათ ასევე ეხმარებოდათ 6 ექსპერტი. აღნიშნული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია ცესკო-ში ოფიციალურად იყო დარეგისტრირებული. მისიას კოორდინირებას უწევდა სეიმის დეპუტატი მალგოჟეტა გოშევსკა და სენატორი მარია კოცი - პოლონეთის სენატის ვიცე-მარშალი. სადამკვირვებლო მისიაში პოლონეთში არსებულმა ძირითადმა პოლიტიკურმა ძალებმა მიიღეს მონაწილეობა.