მე დაზარალებულებისგან გამიგია პოზიცია, რომ "სვეტმა" უნდა დათმოს ქონება და სხვა სამშენებლო კომპანიამ დაუკმაყოფილოს მათ მოთხოვნები. სამწუხარო მოვლენაა, რომ მეორდება სააკაშვილის დროინდელი მეთოდიკა
- დაპატიმრების ხარჯზე ქონების ჩამორთმევა, - ამის შესახებ სამშენებლო კომპანია "სვეტის" დაკავებული ხელმძღვანელი პირების ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ადვოკატი წინასწარი დაკავების იზოლატორში კომპანია "სვეტის" დამფუძნებლის, გივი ჯიბლაძისა და ამავე კომპანიის დირექტორის, თორნიკე ჯანელიძის მოსანახულებლად მივიდა. როგორც ადვოკატმა მთავარ სამმართველოში შესვლამდე განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირები გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ და მათი დაკავების მიზეზი არ არსებობდა.
"გამოძიება მიმდინარეობს უკვე რამდენიმე თვეა. დაახლოებით საქმის კურსში ვარ იმ პრეტენზიებთან დაკავშირებით, რაც გამოძიებას ჰქონდა კომპანია "სვეტის", მისი დამფუძნებლისა და დირექტორის მიმართ. დღემდე გამოკვეთილი ბრალეულობა არ იყო, უბრალოდ იყო კითხვები, რაზეც გამოძიებას პასუხი გაეცა. დღეს გავიგეთ, რომ დაკავებულები არიან გივი ჯიბლაძე და თორნიკე ჯანელიძე.
ჩემი აზრით, თაღლითობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მე კითხვები მაქვს, როდესაც ისინი მოწმის სახით იკითხებოდნენ, მე მათი ადვოკატი ვიყავი. ისინი ადვოკატის მონაწილეობის გარეშე არ უნდა დაეკავებინათ. კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები არ ყოფილა დარღვეული და ისინი ცხადდებოდნენ საგამოძიებო უწყებაში. არ არსებობდა ისეთი გარემოება, რომელიც აუცილებელს ხდიდა მათ დაკავებას.
დარწმუნებული ვარ, ახლა გამოძიება მათ აღმკვეთი ღონისძიების სახედ მათ დაკავებას მოითხოვს. არ არსებობს მათი პატიმრობის საფუძველი", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება დაზარალებულების მოთხოვნას, რომ კომპანია "სვეტმა" დათმოს ქონება, ამას ადვოკატი "სააკაშვილის მეთოდიკას "უწოდებს და იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი პოზიცია სამართალდამცველების მხრიდანაც დაფიქსირდება, ის ფაქტს სხვა მიმდინარეობას მისცემს. "სამწუხარო მოვლენაა, რომ მეორდება სააკაშვილის დროინდელი მეთოდიკა - დაპატიმრების ხარჯზე ქონების ჩამორთმევა. ეს სხვა არაფერია. როდესაც აპატიმრებენ და ეუბნებიან, რომ ქონება უნდა დათმო, ეს ძალადობაა. ამას არანაირი საერთო მართლმსაჯულებასთან არ აქვს. თუ ეს ფაქტი, რაც მე ყურმოკვრით მაქვს გაგონილი დადასტურდება, პროცესებზე ასე შეგვიძლია შევაფასოთ.
მე დაზარალებულებისგან გამიგია პოზიცია, რომ "სვეტმა" უნდა დათმოს ქონება და სხვამ დაუკმაყოფილოს მათ მოთხოვნები. ეს არ გახლავთ ოფიციალური ვერსია. თუ ამავეს მოვისმენ საგამოძიებო უწყებისგან, მაშინ გავაკეთებ განცხადებას", - განაცხადა გელბახიანმა.
სამშენებლო კომპანია "სვეტის" ხელმძღვანელი პირების ადვოკატი კომპანიაში პრობლემების გამომწვევ მიზეზებზეც საუბრობს და მას ახალ რეგულაციებს უკავშირებს.
"პრობლემები გამოიწვია 2017 წლის 20 ნოემბრის მთავრობის დადგენილებამ რომელიც გაკეთდა ერთობლივად ქალაქის მთავრობის და ეკონომიკის სამინისტროს მონაწილეობით. შეიცვალა მშენებლობის ტექნიკური პირობები და გამოცხადდა, რომ 2017 წლამდე ვისაც ჰქონდა ხარჯები სამშენებლო ნებართვებთან დაკავშირებით გაღებული, ხელახლა უნდა გაევლოთ ეს პროცედურა და ახალ ტექნიკურ პირობებს უნდა დათანხმებოდნენ. ეს ცვლილება პროექტის გადაკეთებას ითხოვდა. ეს პროექტის ხარჯებს აათმაგებდა, რამაც მშენებლობა შეაჩერა.
ეს გამოყენებული იყო დაზარალებულების ინტერესებისთვის, თითქოს არ ეღირსება მშენებლობებს დასრულება. მე არ ვიცი ვის მიერ არიან ესენი წაქეზებული. მე ვუთანაგრძობ ყველას, ვინც ზარალი განიცადა, მაგრამ ჯერ უნდა გაირკვეს საქმე", - განაცხადა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა.