საქართველოს პარლამენტში კანონზე მსჯელობენ, რომელმაც შესაძლოა მშობლებს პორნოსაიტებისა და არასრულწლოვნებისთვის სხვა რისკის შემცველი პროდუქციის დაბლოკვის საშუალება მისცეს.
კანონის დამტკიცების შემდგომ, ონლაინრისკებისგან ბავშვის დაცვის ლეგიტიმაცია მშობლის ხელში გადადის, კომუნიკაციების მიმწოდებლები კი ვალდებულები იქნებიან შექმნან ბერკეტები, რითაც მშობელს კონტროლში დაეხმარებიან.
რას წერია კანონპროექტში
შექმნის მიზეზები
კანონპროექტის ავტორი, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი ხუნდაძეა. მისი პოზიციით, ცვლილების აუცილებლობა ონლაინრისკებმა გამოიწვია:
პორნოგრაფია და "კიბერგრუმინგი", რომელიც ინტერნეტის მეშვეობით ბავშვის ნდობის მოპოვებასა და მის დაშინებას გულისხმობს;
სამომხმარებლო რისკები, მათ შორისაა ონლაინ მარკეტინგი, ყალბი ტრანზაქციები;
პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები, კერძოდ, პერსონალური მონაცემების უცხო პირების მიერ მოპოვება.
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ პრობლემები რეალურია, რასაც ბოლო პერიოდში საქართველოში მომხდარი შემთხვევებიც ადასტურებს, მათ შორისაა თამაში, ლურჯი ვეშაპი და პირადი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის დაცვის მიზნით მომხდარი სუიციდის შემთხვევები.
"მოზარდები, ახალგაზრდები და ზოგჯერ ბავშვები სექსუალურ სცენებს უყურებენ, მათ შორის, სექსუალური ძალადობის სცენებს, რაც ფსიქოემოციური სტრუქტურის ჩამოყალიბების ფაზაში ბავშვისთვის საზიანოა. მედიცინაში არსებობს როგორც ნარკო, ისე პორნოდამოკიდებულება", - უთხრა Oნ.გე-ს დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი განმარტებით, კანონპროექტის შექმნამდე კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ რისკები რეალურია.
"10-დან 16 წლამდე მოზარდების 90 პროცენტი სექსუალურ სცენებს უყურებს და აქედან 80 პროცენტი სექსუალური ძალადობის სცენებია. ჩვენ ყველაფერი კვლევებზე და ფასის ხარჯვაზე არ უნდა გადავიტანოთ", - ამბობს ხუნდაძე.