ისრაელში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე 2017 წელს 2015 თან შედარებით 9 ჯერ შემცირებულ FDI-ს ისრაელიდან კონკრეტული მიზეზით ვერ ხსნის.
"ობიექტური ან სუბიექტური მიზეზი ამისა არ ყოფილა. ის პერიოდი პირიქით ძალიან მაღალი აქტიურობით გამოირჩევა. ამ დროის გარდატეხა შემოვიდა მაგალითად ისრაელელი ტურისტების საქართველოში შემოსვლის თვალსაზრისით. რაც იმას ნიშნავს, რომ არამარტო მოქალაქეები, არამედ უფრო მეტი ტურისტული კომპანია ჩაერთო საქართველოსთან ურთიერთობაში, რომლის გარეშეც რთული იქნება საუბარი ტურიზმის ზრდაზე",- განმარტავს პაატა კალანდაძე.
მისივე თქმით, ამ პერიოდში ისრაელის ავიაკომპანიამ დაიწყო პირდაპირი რეისები საქართველოში.
შეგახსენებთ, 2017 წელს ისრაელიდან საქართველოში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა სულ 4 მლნ დოლარი შეადგინა.
"მე ვერ ვხედავ ვერანაირ დაბრკოლებას დღეს იმისა, რომ ისრაელური მხრიდან ინვესტიციები გაიზარდოს. და არა მხოლოდ ინვესტიციები, მოხდეს საქმიანობის რელოკაცია, იგივე საწარმოების გადატანა. რადგან საქართველოში ამის შესაძლებლობა ძალიან დიდია",- ამბობს BMG-სთან პაატა კალანდაძე.