ზუგდიდში "თავისუფალმა საქართველომ" საზოგადოებას 2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე კახა კუკავას კანდიდატურა წარუდგინა.
პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბს პარტიის თავმჯდომარის მოადგილე - გოგი წულაია უხელმძღვანელებს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტია "თავისუფალი საქართველოდან" აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც "თავისუფალი საქართველოსთვის" დადასტურებულად გახდა ცნობილი, რომ ლევან ვასაძე არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებს, პარტიამ არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წარდგენის გადაწყვეტილება მიიღო.
"დღეს შექმნილია ვითარება, როდესაც პოლიტიკური სპექტრი სრულად გაჯერებულია ლიბერალური ფასეულობების გამომხატველი პოლიტიკური ძალებით. პრეზიდენტობის მსურველი ყველა წამყვანი კანდიდატი იზიარებს ერთსა და იმავე ანტისახელმწიფოებრივ პოზიციას ქვეყნის საშინაო თუ საგარეო მიმართულების ძირითად საკითხებზე. შესაბამისად, საზოგადოებას არჩევანის გაკეთება უწევს, არა განსხვავებული ღირებულებების მატარებელ კანდიდატებს, არამედ ერთი და იგივე შეხედულებების მქონე პერსონალიებს შორის, რაც საარჩევნო პროცესს უკარგავს მის რეალურ აზრს.
ვფიქრობთ, ამგვარ ვითარებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ეროვნული ფასეულობების მატარებელმა პოლიტიკურმა ძალებმა ამომრჩეველს შესთავაზონ არსებული ლიბერალური სპექტრის რეალური, ეროვნული ალტერნატივა.
ამგვარი კანდიდატურის შერჩევის მიზნით, საარჩევნო კამპანიის გახსნის შემდეგ, "თავისუფალმა საქართველომ" ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის ინიციატივით მიმართა. პარტიის თავმჯდომარემ, აგრეთვე, კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში, სრული მხარდაჭერა შესთავაზა ბატონ ლევან ვასაძეს, რომელიც, მიუხედავად რიგ საკითხებში განსხვავებული პოზიციებისა, პარტიის აზრით, იქნებოდა საუკეთესო კანდიდატურა ეროვნულ ფლანგზე", - ნათქვამია "თავისუფალი საქართველოს" განცხადებაში.