ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეზე მსჯავრდებული რუსლან შავაძის ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია, თუ სად არის მოთავსებული მისი დაცვის ქვეშ მყოფი.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შავაძის ადვოკატმა თამარ დოხტურიშვილმა განუცხადა, მან მსჯავრდებულის დაკავების თაობაზე, სუს-ის ბრიფინგიდან შეიტყო.
ამასთან, ადვოკატის თქმით, რუსლან შავაძეს ამ დრომდე არ შეხვედრია და შესაბამისად საქმესთან დაკავშირებით, მისი პოზიცია ამ ეტაპზე მისთვის უცნობია.
"ახლახანს გავიგე ბრიფინგიდან მისი დაკავების შესახებ. თუ თავად არ გამაგებინეს სად არის ის გადაყვანილი, ორშაბათიდან დავადგენ მის ადგილსამყოფელს და შევხვდებით ერთმანეთს, გავესაუბრები და გვექნება კონსულტაციები გასაჩივრების თაობაზე. განაჩენის გასაჩივრების ვადა მისი დაკავების მომენტიდან მაქვს და გვექნება აქტიური კომუნიკაცია. პირადად ჩემი პოზიციაა, რომ განაჩენი უნდა გავასაჩივროთ", - განაცხადა თამარ დოხტურიშვილმა.
ადვოკატის ინფორმაციით, რუსლან შავაძის მიმართ დადგენილი სასჯელის მოხდის ვადის ათვლა მსჯავრდებულის დაკავებიდან დაიწყო.
ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მსჯავრდებული, 1997 წელს დაბადებული, ძებნილი რუსლან შავაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 9 აგვისტოს, ბათუმში დააკავეს.