ბათუმის მერიის ინფორმაციით, ძლერი წვიმის შედეგად დატბორილი ქუჩების გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. როგორც უწყებაში აცხადებენ, წვიმის დროს ის ქუჩები დაიტბორა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
"უხვი ნალექის შედეგად ბათუმის გარკვეული ნაწილი დაიტბორა. ძირითადად ქალაქის ის ქუჩები, რომლებზეც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და სადაც სანიაღვრეების დაერთებები ჯერ არ დასრულებულა. სტიქიასთან ბრძოლას საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მერიის ყველა შესაბამისი სამსახური. ქალაქის შემოვლას დილიდან ახორციელებს ლაშა კომახიძე. შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მერი ადგილზე ეცნობა არსებულ ვითარებას.
ამ დროისთვის ლაშა კომახიძე გონიო-კვარიათის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფება, სადაც ძლიერი წვიმის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარეობს მოსახლეობის გადაყვანა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებში.
მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა შპს ,,ბათუმის წყალი", რომლის მობილური ჯგუფების მიერ ახლაც გრძელდება სანიაღვრე არხებისა და ცხაურების გაწმენდითი სამუშაოები, კონკრეტული ქუჩის მონაკვეთებში კი - ამოტუმბვითი სამუშაოები. შპს ,,ბათუმის წყლის" ქოლ-ცენტრში შესულ ყველაზე ზარზე ხორციელდება დროული რეაგირება. ასევე, "ბათუმის წყლის" ზედამხედველობის სამსახურის მიერ ხდება ქალაქის ქუჩების გადამოწმება და კონკრეტული შემთხვევების შესახებ ქოლ-ცენტრის სამსახურის ინფორმირება. სპეცტექნიკის მეშვეობით უწყვეტ რეჟიმში იწმინდება ზღვაში გამსვლელი სანიაღვრე არხები",- აცხადებენ ბათუმის მერიაში.