დღეს ვხვდებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია მუშაობენ მართლმსაჯულების საკითხებზე, აქტიურად არიან ჩართული რეფორმებში და მათ აქვთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პროცესში ღირებული იქნება, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა ნაცვლიშვილმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდება შერჩევის პროცედურასა და იმ მონაცემებზე, რაც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს უნდა ახასიათებდეს.
"დღეს ვხვდებით იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლებია მუშაობენ მართლმსაჯულების საკითხებზე, აქტიურად არიან ჩართული რეფორმებში და მათ აქვთ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც საუკეთესო კანდიდატის შერჩევის პროცესში ღირებული იქნება. ამ შეხვედრაზე ჩვენი ძირითადი აქცენტი იქნება იმაზე, რომ მოვისმინოთ მოსაზრებები, როგორი პროცესით უნდა შეირჩეს ეს ადამიანი და რა არის ის მთავარი მონაცემები, რაც უნდა ახასიათებდეს ამ ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ პირს.
როდესაც პრეზიდენტმა დააანონსა კონსულტაციების დაწყება, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩვენ ამ პროცესს ვიწყებთ არა სახელებზე და გვარებზე, არამედ პროცედურაზე და იმ მახასიათებლებზე მსჯელობით, რომელიც უნდა ახასიათებდეს კანდიდატს. პრეზიდენტს რომ სდომოდა კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელება, კონსტიტუცია მას ამის შესაძლებლობას არ უზღუდავს. მას ჰქონდა სრული უფლებამოსილება, რომ ერთპიროვნულად დაესახელებინა კანდიდატურა. ჩვენ წავედით სხვა გზით. გვინდა, რომ დავინახოთ ფართო კონსენსუსი იმ მახასიათებლებთან დაკავშირებით, რომელიც ამ ადამიანს უნდა ჰქონდეს და ამის შემდეგ გადავალთ სახელებსა და გვარებზე,"- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.