ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პრეზიდენტმა ბევრ შემთხვევაში ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობებზე თანამშრომლები წარადგინა.
მდინარაძემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შერჩევის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ სხვა მოლოდინი არც ამ შემთხვევაში აქვს:
"პრეზიდენტმა 7 თუ 8 შემთხვევიდან 5 თუ 6 შემთხვევაში, ანუ უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც მას ასეთი პასუხისმგებლობა გააჩნდა, თავისი თანამშრომლები წარადგინა ძალიან საპასუხისმგებლო პოზიციებზე. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოში, მათ შორის უზენაეს სასამართლოში, მათ შორის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. დღეს არ გვაქვს მოლოდინი, რომ გამოფხიზლდება სხვაგვარად დაიწყებს ფიქრს და წარმოადგენს ისეთ კანდიდატურას, რომელიც როგორც პარლამენტისთვის, ისე ყველასთვის იქნება მოსაწონი",-განაცხადა მამუკა მდინარაძემ "ქრონიკის" ეთერში.
უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძემ თანამდებობა დატოვა.
ნინო გვენეტაძე გადადგომის მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობას და საზღვარგარეთ რამდენიმეთვიანი მკურნალობის საჭიროებას ასახელებს.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ორშაბათიდან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის შესარჩევად, ფართო კონსულტაციებს იწყებს.