მოსამართლეთა დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ კანონს პარლამენტი, სავარაუდოდ, სექტემბერში მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მხარეებს შორის სრული კონსენსუსი შედგა.
"დავასრულეთ დისკუსია დისციპლინურ სამართალწარმოებასთან დაკავშირებით. ეს იყო პირველი საკითხი, რაც სასამართლო რეფორმის ფარგლებში უნდა განგვეხილა. იყო საკმაოდ რთული საკითხი, თუმცა ჩვენ შევძელით სრული კონსენსუსის მიღწევა და კანონპროექტზე არის ყველა ჩართული მხარის თანხმობა. ეს არის სასამართლო რეფორმის მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც ე.წ. მეოთხე ტალღის ფარგლებში განხორციელდება.
ფაქტობრივად, მოწესრიგდა დისციპლინური სამართალწარმოების საფუძვლები, ასევე შესაბამისი სანქციების საკითხი. ეს ყველაფერი არის იმის გარანტია, რომ მოსამართლე იქნება დამოუკიდებელი და სასამართლო ეფექტიანად განახორციელებს თავის უფლებამოსილებებს",- განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, კანონპროექტის ინიცირება საშემოდგომო სესიამდე იქნება შესაძლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტი კანონპროექტის მიღებას სექტემბერში შეძლებს.