47 წლის მამაკაცი, რომელმაც ცოლი დაჭრა და ციხეში 2 წელი გაატარა, შვილის უდანაშაულობაში დარწმუნებულია. ამერიკული ოჯახის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის მამა, იური კობაური "კვირასთან" ამბობს, რომ მას მკვლელობის ოფიციალური ვერსიის არ სჯერა.
"მეზობლებისგან გავიგე რაც ხეობაში მოხდა. რომ გავიგე ფეხები მომეკვეთა, მის შემდეგ აღარ ვარ ცოცხალი კაცი. ჩემი შვილი ისეთი ბავშვი იყო, ზედმეტად არავის არაფერს კადრებდა. არც სიგარეტს ეწეოდა, არც სვამდა. სოფელში იკითხეთ, როგორი იყო. რა მოხდა იქ არ ვიცი და არც მჯერა, რომ ჩემი შვილი ვინმეს მოკლავდა", - ამბობს იური კობაური.
ამასთან, ბრალდებულის მამა კატეგორიულად უარყოფს, იმ მოსაზრებას, რომ მის შვილზე ფსიქოლოგიური გავლენა ოჯახში მომხდარმა ინციდენტმა იქონია.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, იური კობაურმა მეუღლე დაჭრა და სასჯელის სახით 2 წელი საპატიმროში გაატარა. იგი ამჟამად, თავისუფალია.
"ოჯახი რა შუაშია. მე სასჯელი მოვიხადე და გარეთ ვარ. სულ ჩემი შვილის გზას გავცქერი. მე და ჩემს შვილებს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს. სამი წელია სულ მწყემსია და ახალგორიდან ჰყავს ცხვარი გამორეკილი. აღარ ვიცი რა ვთქვა, ჩემი შვილი სულ სხვანაირი ადამიანი იყო და არავის მოკლავდა", - ამბობს ბრალდებულის მამა.
ამერიკელთა ოჯახის წევრების მკვლელობისთვის 19 წლის მწყემსს უვადო პატიმრობა ემუქრება.