თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლემ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო.
მიხეილ სააკაშვილს 8 წელი მიესაჯა, ამნისტირებული მუხლების გათვალისწინებით კი მას 6 წელი შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ გამოაცხადა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს იმ დროს დეპუტატის ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი 2014 წელს წაუყენეს. ამ საქმეზე უკვე გასამართლებულია შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი.
მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე საქართველოს პროკურატურა ედავება და მის ექსტრადიციას ითხოვს. აქედან ერთ-ერთ საქმეზე, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებულთა შეწყალების საქმეზე 5 იანვარს ქართულმა სასამართლომ სააკაშვილს დაუსწრებლად 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამნისტიით მას სასჯელი 1/4-ით შეუმცირა და 3 წლით პატიმრობა დარჩა.
სააკაშვილს, რომელსაც არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს 2018 წლის თებერვალში მეუღლის სანდრა რულოვსის სამშობლომ, ნიდერლანდებმა ევროკავშირში ცხოვრებისა და მუშაობის უფლება მისცეს.