მადლობა მინდა გადავუხადო ორგანიზატორებს და მსურს, სრული მხარდაჭერა დავაფიქსირო ჭელცომე ტო Gეორგია-ს მიმართ - ეს დარგი იმსახურებს იმას, რომ წლიდან წლამდე ჩვენ გამოვავლინოთ ტურიზმის სფეროში საუკეთესოები, რათა ამ სტიმულმა მეტად წაახალისოს ტურიზმის ბიზნესი - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტურიზმისა და მასპინძლობის რიგით მე-3 კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით სახელმწიფო ძალიან ბევრს აკეთებს, საკმაოდ მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს ტრენინგებში, თუმცა, საბოლოო ჯამში ეს უნდა გამოიხატებოდეს მომხმარებლის კმაყოფილებით,
"ჭელცომე ტო Gეორგია-ს სამი დაჯილდოება უკვე გავმართეთ, დიდი იმედი მაქვს, მე-4 დაჯილდოებას დეკემბერში გავმართავთ. ვიმედოვნებ, რომ კონფერენციაზე გაიმართება პროდუქტიული დისკუსია იმ გამოწვევებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანას აქვს ტურიზმის სფეროში, ასევე იმ შესაძლებლობებზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და ასათვისებელია," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა.
ეკონომიის სამინისტროს განცხადებით, ტურიზმისა და მასპინძლობის კონფერენცია ჭელცომე ტო Gეორგია! ტურიზმის ეროვნული დაჯილდოების პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან ტარდება და არის საუკეთესო ბიზნეს პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ინდუსტრიის წარმომადგენლებს ეძლევათ ერთმანეთთან კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის, ტურიზმისა და მასპინძლობის სფეროში, აგრეთვე ზოგადად, ქართულ ბიზნეს სექტორში არსებული სიახლეების გაგების შესაძლებლობა.
კონფერენცია გახსნა პროექტის თანადამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა მარინა ჩაიკამ, რომელმაც საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერს კონფერენციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ტურიზმის და მასპინძლობის მე-3 კონფერენციის მუშაობაში ასევე მონაწილეობდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე, საპარტნიორო ფონდის აღმსარულებელი დირექტორი დავით საგანელიძე, ბიზნეს ომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე, აგრეთვე სახელმწიფო და კერძო სექტორის 350-ზე მეტი წარმომადგენელი, საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტი და მედია.