პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა სატვირთო ავტომობილი არ შეუშვეს,
სადაც, აქციის ორგანიზატორთა ინფორმაციით, საკვები, მედიკამენტები და სასმელი წყალი იყო მოთავსებული.
მის გამო აქციის მონაწილეთა ნაწილმა პირველი რესპუბლიკის სახელობის მოედნისკენ გადაინაცვლა და ავტომობილში განთავსებული პროდუქტი აქციაზე მიიტანა. აქციის ორგანიზატორთა ნაწილის შეფასებით, აღნიშნული ქმედებით შს სამინისტრო ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას ცდილობს, რათა აქციის მონაწილეებს დისკომფორტი შეექმნათ და საჭიროების შემთხვევაში არ მოხდეს მათთვის მედიკამენტებისა და სასმელი წყლის მიწოდება.
პირველი რესპუბლიკის სახელობის მოედანზე საავტომობილო მოძრაობა დღის მეორე ნახევრიდან აიკრძალა, რაც აქციაზე აქტივისტთა სიმრავლემ განაპირობა. მათ ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე გზის საავტომობილო მონაკვეთი.