სტრასბურგის სასამართლო აგრძელებს საქმის "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)" განხილვას.
სასამართლოს სიტყვით მიმართეს საქართველოს და რუსეთის მხარეების ადვოკატებმა.
"როგორც შეგპირდით და განვაცხადეთ, ეს იყო უკომპრომისო, ოღონდ სამართლიანობის და სამართლისთვის ბრძოლა. ამ შემთხვევას, ამ საქმეს ექნება მნიშვნელობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ ევროპის ფარგლებში სხვა კონფლიქტებისთვის. პირველ რიგში ეს არის უკრაინა და მოლდოვა. თავად ნახეთ და თავად შეგიძლიათ შეაფასოთ რუსული კონტრარგუმენტების ხარისხი. არგუმენტების ნაცვლად მოვისმინეთ ისევ გაშარჟებულ-გაყალბებული ნარატივი ისტორიის შესახებ და ერთადერთი პასუხი, რომ ეს არის ან სიყალბე, რაც საქართველომ წარმოადგინა, ან შეთქმულება რუსეთის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთს დღეს არგუმენტი საერთოდ არ ჰქონდა", - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძემ.
საქართველო აგვისტოს ომის გამოძიებაზე რუსეთის წინააღმდეგ 700-მდე ახალ მტკიცებულებას წარადგენს.
სახელმწიფოთაშორის დავას სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატა განიხილავს, რომელიც 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოდან და რუსეთიდან არჩეული მოსამართლეებითაა დაკომპლექტებული.
საქართველოდან - ლადო ჭანტურია, რუსეთიდან - დიმიტრი დედოვი.
დიდ პალატას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი (იტალია) თავმჯდომარეობს.
საქართველოს ინტერესებს ბრიტანელი ადვოკატები დაიცავენ.
განაჩენის გამოტანის შემდეგ სტრასბურგის სასამართლო ინდივიდუალური სარჩელების განხილვას დაიწყებს.