საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარძეულში მდებარე გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმს საქართველოს კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
სახლი აშენებულია გიორგი ლეონიძის მამის - ნიკოლოზის მიერ, რომელიც პატარძეულში წმ. შიოს ტაძარში საწირველად XIX ს. 60-იან წლებში გადმოიყვანეს. სახლს სრულად აქვს შენარჩუნებული ნიკოლოზისეული სახლის სახე. 1968 წლიდან გამოცხადდა გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმად.
სახლში დაცულია: გოგლას საწოლი ტახტი, დიდი საოჯახო ტახტი, რომელზეც დაიბადა გოგლა, პოეტის საგვარეულო ავეჯი, მისი კოსტუმი, პირადი ნივთები და ასევე ლადო გუდიაშვილის ორი ნახატი - გოგლას ორი პორტრეტი. სახლი წარმოადგენს XIX ს. მეორე ნახევრის აღმოსავლეთ საქართველოს სოფლისთვის დამახასიათებელი სახლის ტიპის მშვენიერ ნიმუშს, რომელსაც თითქმის სრულად აქვს შემონახული თავდაპირველი სახე და ამდენად ის ეთნოგრაფიული ძეგლის ნიშნის მატარებელია.