„სტარბაქსი“ აშშ-ში 8000-ზე მეტ ფილიალს დროებით დახურავს, რათა 175 ათასზე მეტ თანამშრომელს
რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე ტრენინგები ჩაუტაროს, – ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც მედიასაშუალება წერს, მსგავსი გადაწყვეტილების მიზეზი „სტარბაქსის“ ყავის მაღაზიებში რასობრივი დისკრიმინაციის შემთხვევების პრევენციაა.
კომპანიის ხელმძღვანელებმა ფილიალების დროებით დახურვის გადაწყვეტილება ორ შავკანიან კლიენტთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ მიიღეს, რომლებიც ფილადელფიაში, „სტარბაქსის“ მაღაზიაში მაშინ დააკავეს, როდესაც მეგობარს ელოდებოდნენ.
ბრენდონ ვარდმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ ეუბნებიან „სტარბაქსის“ თანამშრომლები უარს საპირფარეშოთი სარგებლობაზე იქამდე, ვიდრე პროდუქტს არ შეიძენს. თუმცა ამავე ვიდეოში ჩანს, რომ სხვა მამაკაცს პროდუქტის ყიდვამდე აძლევენ საპირფარეშოთი სარგებლობის უფლებას.
ბრენდონ ვარდი კომპანიას რასობრივ დისკრიმინაციაში ადანაშაულებს და ამტკიცებს, რომ ტუალეტის გამოყენებაზე უარი თავისი კანის ფერის გამო უთხრეს, ვინაიდან თეთრკანიან მამაკაცს ყავის შეძენამდე მისცეს ტუალეტით სარგებლობის საშუალება.
მას შემდეგ რაც ბრენდონ ვარდმა „სტარბაქსის“ თანამშრომლების უარი გააპროტესტა და აღნიშნა, რომ მას კანის ფერის გამო შეუზღუდეს უფლებები, მაღაზიის მომსახურე პერსონალმა ბრენდონი და მასთან ერთად მყოფი კიდევ ერთი პირი კერძო საკუთრების ტერიტორიაზე უნებართვოდ შესვლაში დაადანაშაულა და ადგილზე პოლიცია გამოიძახა, რომელმაც ორი შავკანიანი მამაკაცი დააკავა.
ინტერნეტსივრცეში ვიდეომასალის გავრცელებას საზოგადოების მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა. სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ მომხმარებლებმა „სტარბაქსი“ რასობრივ დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს.
კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კევინ ჯონსონმა განაცხადა, რომ ვიდეო ძალიან მძიმე იყო საყურებლად. მისი თქმით, „სტარბაქსის“ თანამშრომლები არასწორად მოიქცნენ.
როგორც ჯონსონმა აღნიშნა, კომპანიის ფილადელფიის ფილიალის მენეჯერი, რომელმაც ორი შავკანიანის დაპატიმრების მიზნით, პოლიცია გამოიძახა, სამსახურიდან წავიდა.
კომპანია „სტარბაქსის“ კუთვნილი მაღაზიების ფილიალები და ოფისები მიმდინარე წლის 29 მაისს დაიხურება. ტრენინგს გაივლიან როგორც კომპანიაში დასაქმებული პირები, ასევე მომავალი თანამშრომლები.