სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, შეწყალების საკითხის დახვეწის მიზნით, მზად არის
საქართველოს პრეზიდენტსა და შეწყალების კომისიის ადმინისტრაციას შეხვდეს. განცხადება ამის შესახებ განცხადება კახა კახიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გააკეთა.
„ჩემთვის ძალიან საპატივცემულო ადამიანები არიან შეწყალების კომისიაში, მაგრამ როგორც ჩანს, მექანიზმების დახვეწაა საჭირო. ჩვენ ვადაზე ადრე გათავისუფლების შემთხვევაში მთელი რიგი საკითხები დავხვეწეთ, დავნერგეთ ზეპირი მოსმენის მექანიზმი, რაც გულისხმობს მსჯავრდებულ პირთან კომისის წევრების პირისპირ გასაუბრებას“, - აღნიშნა კახიშვილმა.
მისი თქმით, შეწყალებასა და პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის თქმა, იქნება შეცდომა.
„მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს მოტივაცია, რომ თუ ის აღიარებს დანაშაულს, ემორჩილება სარეჟიმო პირობებს და მინიმუმამდე იქნება დაყვანილი დანაშაულის ხელმეორედ ჩადენის რისკი, მიეცეს სასჯელის შემსუბუქების ან ვადაზე ადრე გათავისუფლების შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.
მინისტრის თქმით, სამწუხაროდ, დღეს კომუნიკაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან არის მხოლოდ ფურცლის გაგზავნა-გამოგზავნით შემოფარგლული, ამიტომ შეწყალების კომისიის წინაშეც, ისე, როგორც ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის შემთხვევაში, გარკვეულ შემთხვევებში, უნდა წარდგეს ის პირი, ვის მიმართაც ხდება შეწყალების აქტი.