პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელ მერსედეს ვერა-მარტინს და წევრებს შეხვდა.
მისია საქართველოში „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის მე-2 მიმოხილვის ფარგლებშია ჩამოსული.
მხარეებმა დეტალურად განიხილეს პროგრამის მიმდინარეობა, რომელიც 2017 წლიდან მოქმედებს საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის.
საუბარი წარიმართა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და მიმდინარე სტრუქტურულ და ეკონომიკურ რეფორმებზე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მისიას გააცნო პოზიტიური დინამიკა, რომელიც საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმართულებით აქვს. მისი თქმით, 2017 წელი საქართველომ 5-%-იანი რეალური ეკონომიკური ზრდით დაასრულა, 2018 წლის თებერვალში იყო 5,5 %, ხოლო პირველ 2 თვეში 4,9 % შეადგინა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დაფიქსირებული პოზიტიური მაჩვენებლები მთელ რიგ მიმართულებებში პოზიტიური დინამიკით არის გამოწვეული, რომელთა შორისაა საწარმოთა ბრუნვა, გაზრდილი ექსპორტი, ტურისტების რაოდენობა და ფულადი გზავნილების მაჩვენებელი.
მისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი და აღნიშნეს, რომ რეფორმები, რომლებიც ქვეყანაში ხორციელდება, პოზიტიურად მოქმედებს ეკონომიკური აქტივობაზე.
დიმიტრი ქუმსიშვილმა მისიის წევრებს ასევე გააცნო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია FITCH-ის ბოლო შეფასება. კერძოდ, საქართველოს რეიტინგის პერსპექტივა „სტაბილურიდან“ „პოზიტიურით“ შეიცვალა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის.
მან მიმდინარე რეფორმებზე საუბრისას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მოგების გადასახადის რეფორმას, რომელმაც ხელი შეუწყო საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის ზრდას. კერძოდ, 2017 წელს რეინვესტირების შთამბეჭდავი, 129.6-პროცენტიანი ზრდა (401.9 მლნ დოლარით მეტი) დაფიქსირდა და რეინვესტირების მოცულობამ 712.1 მლნ დოლარი შეადგინა. რეინვესტირების წილმა მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში 38.2 პროცენტი შეადგინა და წინა წელთან შედარებით 18.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეინვესტირების მოცულობის ზრდა ნათლად მიანიშნებს ინვესტორთა ნდობის ზრდასა და პოზიტიურ მოლოდინებზე ქვეყნის ბიზნესგარემოს მიმართ. რეინვესტირების მოცულობის ზრდას ხელი შეუწყო მოგების გადასახადის რეფორმამ, რომელიც კერძო სექტორს აძლევს საშუალებას, მათი მიღებული მოგება, გადასახადების ნაცვლად, მიმართონ ახალი ინვესტიციების განსახორციელებლად და ბიზნესსაქმიანობის გასაფართოებლად, რაც კიდევ უფრო ზრდის ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას.
შეხვედრაზე ასევე გამახვილდა ყურადღება რეფორმებზე, მათ შორის საპენსიო რეფორმაზე, კაპიტალის ბაზრის განვითარებაზე, საჯარო-კერძო თანამშრომლობის კანონპროექტზე, ენერგეტიკულ და სხვა მნიშვნელოვან რეფორმებზე.
ასევე განიხილეს საქართველოს ეკონომიკის სექტორებში მიმდინარე ტენდენციები და დაგეგმილი ღონისძიებები, რომლებიც მათი განვითარებისკენაა მიმართული.