დაცულია თუ არა სახანძრო უსაფრთხოების წესები ბავშვთა გასართობ ცენტრებში
- თემაზე mshobeli.ge სახანძრო უსაფრთხოების ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი კოდალაშვილს ესაუბრა.
კოდალაშვილის თქმით, მსგავსი ცენტრები ვალდებულნი არიან, საევაკუაციო გეგმები გააკრან თვალსაჩინო ადგილას, ინფორმირებული-გადამზადებული იყოს მომსახურე პერსონალი, უნდა არსებობდეს საევაკუაციო გზების მიმანიშნებელი ისრები და საევაკუაციო გზა, რომლითაც შენობიდან უსაფრთხო ადგილას გავლენ.
ცენტრების ნაწილს უსაფრთხოების ნორმები მოწესრიგებული არ აქვს.
მშობლებისთვის რეკომენდაციაა, დაჯავშნამდე ადგილზე გაეცნონ ყველა დეტალს, რომელიც უსაფრთხოებას უკავშირდება.
ზედამხედველობის სამსახური ამოწმებს იმ ცენტრებს, რომლებიც მდებარეობენ სავაჭრო ცენტრებში, ცალკე მდებარე ცენტრებს - არა.
300 კვადრატულ მეტრზე პატარა ფართი ზედამხედველობას არ მიეკუთვნება.
ტექნიკური რეგლამენტით, სახანძრო უსაფრთხოების წესებსა და პირობებში გაწერილია, რომ ობიექტებს უნდა ჰქონდეთ პირველადი ხანძრის ქრობის საშუალებები, შიდა სახანძრო წყალგაყვანილობის სისტემა, გარე წყალგაყვანილობის სისტემა, ხანძრის აღმოჩენის და ხანძრის ქრობის სისტემები. ეს მოწმდება.
"იმ ობიექტებისთვის, რომლებიც არ არიან ჩვენს დაქვემდებარებაში, მომსახურება ფასიანია, მომართვის შემთხვევაში ვატარებთ შემოწმებას და ვაძლევთ სათანადო რეკომენდაციას", - ამბობს კოდალაშვილი.