იუსტიციის სამინისტრომ მთავრობას რამდენიმე კანონპროექტი წარუდგინა - საარჩევნო სიების შედგენა-დახვეწის.
თეა წულუკიანის თქმით, სამინისტრო აგრძელებს საარჩევნო სიების დახვეწის პროცესს იმისთვის, რომ საპრეზიდენტო არჩევნებს გამართული საარჩევნო სიით შეხვდნენ.
"ბაზების დახვეწა არის ცოცხალი პროცესი. უნდა აღირიცხონ გარდაცვლილები, უნდა აღირიცხონ ისინი, ვინც 18 წლის ხდება... ასევე საცხოვრებელი მისამართი და რეგისტრაციის მისამართი არის უმნიშვნელოვანესი რეკვიზიტი. შევთავაზეთ მთავრობას, რომ კანონში გაჩნდეს რამდენიმე მნიშვნელოვანი საფუძველი იმისთვის, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სია იყოს კიდევ უფრო სანდო და კიდევ უფრო დახვეწილ მონაცემებზე დაფუძნებული", - განმარტა მინისტრმა.
მისი თქმით, სამინისტრომ 5 წლის მანძილზე 8 600-მდე გარდაცვლილი ამორიცხა საარჩევნო სიიდან. ამოირიცხა საზღვარგარეთ გარდაცვლილი რამდენიმე ათეული პირიც, რომელთა შესახებ საკონსულოებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
"დავამტკიცეთ საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზე სამოქალაქო რეესტრს შესაძლებლობა ექნება, ასეთი პირების შესახებ ინფორმაცია გადმოსვენების დროს ავტომატურ რეჟიმში მიეწოდოს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
ცვლილება შეეხება 1971-დან 1996 წლამდე დაბადებულ პირებს. აქამდე მშობლების მოქმედება იყო თავისუფალი, შვილების დაბადების ადგილად რეალურ ადგილს მიუთითებდა, თუ მშობლების საცხოვრებელ მისამართს. ამის გამო ხშირად სხვადასხვა დოკუმენტში დაბადების სხვადასხვა ადგილი ფიქსირდებოდა. მინისტრის თქმით, ასეთ პირებს სიმშვიდის საფუძველი შეიძლება ჰქონდეთ, რადგან ისინი საბუთებს უფრო მარტივად გაასწორებენ.
ცვლილება შეეხება განქორწინებულ პირებს. ხშირად სასამართლოს ძალით განქორწინების შემდეგ ავიწყდებათ ფაქტის დარეგისტრირება და 10 წლის გასვლის შემდეგ ფაქტობრივად შეუძლებელია მისი რეგისტრაცია და ახალი ქორწინების პრობლემა იქმნება. ეს პრობლემა იხსნება.
სხვა გამარტივებული წესებიც შევა საბუთების გაცემაზე, მათ შორის უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის.