თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ სანამ სუს-ის ახლანდელი ხელმძღვანელობა სათავეში იქნება, გამოძიება ობიექტურად არ ჩატარდება.
ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა.
თბილისის პროკურატურაში მაჩალიკაშვილის ოჯახი, მათთვის სპეცოპერაციის მიმდინარეობის დროს თავისუფლების აღკვეთისა და არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე იკითხება. ამ დროისთვის გამოძიებას ჩვენება მხოლოდ მალხაზ მაჩალიკაშვილმა მისცა.
"ვიდრე სუს-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა იქნება სათავეში, მე არ მგონია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
როგორც მამამ აღნიშნა, ის თავდაპირველად 2017 წლის 26 დეკემბერს დაკითხეს და მაშინ ბევრი დეტალი ემოციური ფონის გამო ვერ გაიხსენა.
"დაგვკითხეს თელავის პროკურატურაში 26 დეკემბერს, თუმცა, მაშინ ჩემს სახლში განვითარებული მოვლენები გააზრებული არ მქონდა. შემდეგ უკვე გარკვეული დეტალები გავიხსენე. ყველაფერში მატყუებდნენ, შეიძლება ითქვას თავისუფლებააღკვეთილი ვიყავით მეც და ჩემი ოჯახის ყველა წევრი. ჩვენი არანაირი მოთხოვნა არ სრულდებოდა. ყველაფერზე უარს გვეუბნებოდნენ. გვატყუებდნენ, რომ თემირლანი მხარში იყო დაჭრილი, ყველაფერი წესრიგში იყო და გადაყვანილია დაკითხვაზე. ძალიან აგრესიულად და ცუდად გვექცეოდნენ", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
მისივე თქმით, სამი საათის განმავლობაში სპეცრაზმელებს ის ცალკე ჰყავდათ, ოჯახის სხვა წევრები კი - სხვა ოთახში.
მაჩალიკაშვილის თქმით, ამ პერიოდის განმავლობაში მათ სასტიკად ექცეოდნენ. რაც შეეხება გამოძიებას, თემირლან მაჩალიკაშვილის მამას ობიექტური გამოძიების იმედი არ აქვს.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.