ბორჯომის საკრებულოს შენობასა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.
შსს-ში განმარტავენ, რომ სამართალდამცველების მობილიზება ბორჯომის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების მომართვის საფუძველზე მოხდა.
„ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლები წერილობით მომართვასა და „112“-ში შესულ შეტყობინებაში ამბობდნენ, რომ 28 მარტს ჩანიშნულია ბორჯომის საკრებულოს სხდომა. ვითარების გართულებისა და პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, პოლიცია განთავსდეს ბორჯომის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში და შენობის გარე პერიმეტრზე, რათა უზრუნველყოფილი იყოს სხდომის მშვიდ ვითარებაში ჩატარება.
მოქალაქეთა უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის, ასევე, ადგილზე პოლიტიკურად მოტივირებული დაპირისპირების თავიდან აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკვე ადგილზე იმყოფებიან და მოვლენების განვითარების შესაბამისად, სამსახურებრივ მოვალეობას შეასრულებენ.
სხდომა ბორჯომის საკრებულოში 28 მარტს გაიმართება. თუ ახალი თავმჯდომარის არჩევისთვის კანდიდატმა 15 ხმა ვერ მოიპოვა, შესაძლოა ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ბორჯომის საკრებულოში "პატრიოტებს" 11, "ქართულ ოცნებას" 13, "ნაციონალურ მოძრაობას" 2, "ევროპულ საქართველოს" 1, "ლეიბორისტულ პარტიას" 1 წევრი ჰყავს.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 15 დეპუტატი საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს. ამ საკითხზე საჭირო ხელმოწერები დეპუტატებმა საკრებულოს 21 მარტს წარუდგინეს. 15 ხელმომწერიდან 13 ქართული ოცნების წარმომადგენელია, 2 კი პატრიოტთა ალიანსის. ამავე პარტიის წევრია საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.
ბორჯომში დაპირისპირების მიზეზი მერიის თანამდებობის პირებისა და მოხელეების თანამდებობრივი სარგოებია, რომელსაც საკრებულო არ ამტკიცებს.
ბორჯომის საკრებულომ გასულ კვირას მეექვსედ უთხრა უარი მუნიციპალიტეტის მერიას მერის მოადგილეების და სამსახურების უფროსებისთვის ხელფასების გაზრდაზე, შესაბამისად, არც ახალი საშტატო ნუსხა დაამტკიცა.
წყარო: 1tv.ge