ვაშინგტონის უნივერსიტეტის 2016 წლის საერთაშორისო კვლევის მიხედვით, საქართველო ჰაერის დაბინძურების გამო, სიკვდილიანობის დონით მსოფლიოში მე-3 ადგილზეა.
იელის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ზოგადი დაბინძურების დონის მიხედვით, საქართველო მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 111-ე ადგილს იკავებს.
აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Reginfo ავრცელებს.
აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაშია მითითებული. დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში საავტომობილო გაფრქვევები შეადგენს მთლიანი გაფრქვევების 71%-ს. ქვეყანაში არსებული ავტომანქანების 37% თავმოყრილია თბილისში. ამასთან, დედაქალაქში როგორც ტრანზიტულად მოძრავი, ისე მუდმივად მყოფი ავტომანქანების რიცხვი გაცილებით მეტია, რადგან ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი საქმიანობას თბილისში ეწევა.
შემოწმების პროცესში აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლინდა მთელი რიგი სხვა დარღვევები და ხარვეზებიც:
2016 წელს სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება არ გაუვლია ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 76%-ს, რაზეც საპატრულო პოლიციის რეაგირება საკმაოდ დაბალია - 2016 წელს დაჯარიმებულია მხოლოდ 13.6%.
2016 წლის 3 ოქტომბრიდან 2017 წლის 3 აპრილამდე პერიოდში, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების დაახლოებით 25% არ გამოცხადდა მათთვის სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების გასავლელად, ხოლო 2017 წლის 4 აპრილიდან 6 ოქტომბრამდე პერიოდში - 40%. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის მექანიზმი სუსტია.
ატმოსფერული ჰაერის ზოგიერთი ხარისხობრივი მაჩვენებლის ფაქტობრივი დონე ქალაქის მასშტაბით, აჭარბებს ზღვრულად დასაშვებ კონცენტრაციებს. თბილისის 3 წერტილში აღებული ჰაერის სინჯების მიხედვით, წერეთლის გამზირზე დაფიქსირდა ყველა მაჩვენებლის გადაჭარბება.