პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, გიორგი აბაშიშვილის თქმით, რუსეთის არაკონსტრუქციული ნაბიჯების ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება
საქართველოს თანმიმდევრული საგარეო პოლიტიკის განხორციელებას.
აბაშიშვილის განცხადებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს მეგობარი მხარდამჭერების მობილიზებას ევროკავშირსა და აშშ-ში.
"სწორედ ამას ემსახურებოდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ბრიუსელში, (ევროკავშირში), როდესაც მოხერხდა საქართველო - ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების სტრატეგიულ სიმაღლეზე და თვისობრივად ახალ დონეზე აყვანა. აი, ამ ხაზის გაგრძელებაა ახლა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი შეერთებულ შტატებში", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
რუსეთის მიერ განხორციელებული მცოცავი ოკუპაცია და უკანონო ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის საგანგაშო შემთხვევაცაა, ძლიერი დაძაბულობის შემტანია რეგიონში - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში, სამუშაო ვიზიტისას, კაპიტოლიუმში სენატორ ორინ ჰათჩთან შეხვედრისას.
სენატორთან საუბარი შეეხო ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, ნატო-ს მომავალი სამიტისათვის მზადების საკითხს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ქვეყნის უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებს.