BGEO Group-ის საინვესტიციო ბიზნესის ჰოლდინგურმა კომპანიამ „საქართველოს კაპიტალმა“ სამომავლო გეგმების შესახებ განაცხადა.
საინვესტიციო კომპანია მომდევნო წლების განმავლობაში საქართველოში 500 მლნ დოლარის ინვესტიციების განხორციელებას გეგმავს.
საინვესტიციო თანხებს შორის არის 300 მლნ დოლარის ევროობლიგაციები, რომელიც „საქართველოს კაპიტალმა“ წარმატებით განათავსა.
ეს არის საქართველოს ისტორიაში პირველი მოვლენა, როდესაც არასაფინანსო და არასახელმწიფო, ქართულმა კომპანიამ ევროობლიგაციები გამოუშვა.
„საქართველოს კაპიტალი“ მოზიდული თანხების ინვესტირებას ქართულ კომპანიებში განხორციელებს. მიზანი ქართული კომპანიების და იმ სექტორების განვითარებაა, სადაც კომპანიები ოპერირებენ.
„საქართველოს კაპიტალი“ მოზიდულ ინვესტიციას განახორციელებს ტურიზმის განვითარებაში.
მომდევნო 2 წლის განმავლობაში „საქართველოს კაპიტალის“ შვილობილი დეველოპერული კომპანია m2 ააშენებს და გახსნის 10 სასტუმროს. მათ შორის იქნება 3-ვარსკვლავიანი და მაღალი კლასის საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები.
სასტუმროები აშენდება თბილისში, ქუთაისში, კახეთში და სამთო-სათხილამურო კურორტებზე.
„საქართველოს კაპიტალი“ ინვესტიციებს განახორციელებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით.
დაგეგმილია რამდენიმე უბნის მშენებლობა, სადაც საცხოვრებელ ფართთან ერთად იქნება საჭირო ინფრასტრუქტურა: ბაღი, სკოლა, აუზი, პარკი, სავაჭრო ცენტრი და საოფისე ფართი.
ინვესტიციები განხორციელდება ქართული მეღვინეობის განვითარებაში.
გაიზრდება და გაფართოვდება ღვინის წარმოება, რათა დაკმაყოფილდეს ექსპორტის გაზრდილი მოთხოვნა, განსაკუთრებით, ჩინეთის მიმართულებით.
„საქართველოს კაპიტალი“ შვილობილი კომპანიების ჩართულობით (GGU) ინვესტიციებს განახორციელებს განახლებადი ენერგიის ბიზნესშიც, მათ შორის ჰიდროელექტრო სადგურების მშენებლობაში, ჯამში 119 მლნ დოლარი დაიხარჯება.
ინვესტიციები განხორციელდება კომუნალური ბიზნესის რეაბილიტაციაში - გარდაბნის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარება.